ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ

ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ

ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელ ფაბიან რუისს ერთხანს ბაზარში წასვლა არ მოუწევს. აშშ-დან შინ მსოფლიოს ჩემპიონის რანგში დაბრუნებულ ესპანელ ნახევარმცველს თანაქალაქელებმა უცნაური საჩუქარი, მისი წონა პომიდორი მიართვეს.

ფაბიან რუისის ქალაქი გახლავთ ლოს პალასიოს ი ვიაფრანკა, რომელიც სევილიის პროვინციაში მდებარეობს. ქალაქში სულ 40 ათასი მოსახლეა, მაგრამ ესპანეთის ნაკრებს კარგი მოთამაშეებით ამარაგებს. ლოს პალასიოს ი ვიაფრანკადან არის მაგალითად ვეტერანი ხესუს ნავასიც, რომელმაც 2010 წელს ასევე მიიღო თავისი წონა პომიდორი. მეტიც, ნავასი ორჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა (2012, 2024) ასე რომ შეიძლება დღემდე იმ პომიდვირსგან გაკეთებულ საწებელს მიირთმევს.

პომიდორი ბარსელონელმა გავიმაც მიიღო. ისიც ლოს პალასიოს ი ვიაფრანკადან ყოფილა. შესაბამისად, 2024 წელს, როდესაც ესპანეთის ნაკრებმა და შესაბამისად ერთბაშად სამმა თანაქალაქელმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო, პომიდვრით დაჯილდოების ყველაზე მასშტაბური ცერემონიალი გაიმართა.

გავი რასაკვირველია ამჯერადაც დააჯილდოეს. როგორც ესპანური მედია იუწყება, ის დაბალია, მაგრამ 68.5 კილოგრამს იწონის. ფაბიან რუისის წონა კი 84.5 კილოგრამი ყოფილა.

„საოცარი წელიწადი მაქვს. ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოვიგე. მეტი რა შეიძლებოდა მენატრა? თუ „ოქროს ბურთზეც“ წარმადგენენ ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნება“, – თქვა ფაბიან რუისმა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.