20 წლის წინ ანდრეა პირლო იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ახლა კი მკლავების დაკაპიწება და „სკუადრა აძურას“ კრიზისიდან ამოყვანა მოუწევს ― კარლო ანჩელოტისა და პეპ გვარდიოლას უარის შემდეგ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა ეროვნული გუნდის გაძღოლა ყოფილი ნახევარმცველისთვის მიენდო.
პირლომ ნაკრების თავკაცის თანამდებობაზე თანაგუნდელი ჯენარო გატუზო შეცვალა. ბოლოხანს იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ ფედერაციის მთავარი სამიზნე ესპანელი პეპ გვარდიოლა გახლდათ. მან გასული სეზონის ბოლოს „მანჩესტერ სიტიდან“ წასვლის შემდეგ გადაწყვიტა ფეხბურთისგან დაესვენა, მაგრამ სწორედ ამ დროს შესთავაზეს სამსახური იტალიელებმა. როგორც წერენ გვარდიოლამ წელიწადში 20 მილიონი ევრო მოითხოვა, რის გამოც მოლაპარაკებები ჩაიშალა. თანამემამულეები უარით გაისტუმრა კარლო ანჩელოტიმაც, რომელმაც ბრაზილიის ნაკრებთან 2030 წლამდე გააგრძელა ხელშეკრულება.

საბოლოოდ არჩევანი შეჩერდა 47 წლის პირლოზე, რომელიც გვარდიოლას და ანჩელოტის შემდეგ მესამე ვარიანტად ითვლებოდა. მან პარასკევს თავის ყოფილ თანაგუნდელსა და მეგობარს პაოლო მალდინის თანხმობა განუცხადა. მალდინი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორია. მალდინის მრჩეველია წარსულში ცნობილი ბრაზილიელი ვარსკვლავი ლეონარდო.
პირლო ოფიციალურად ჯერ კიდევ არაბთა გაერთიანებული საემიროების გუნდის „დაუბაი იუნაირედის“ მწვრთნელია. ის კლუბის თავკაცებს უნდა დაელაპარაკოს და გაწყვიტოს კონტრაქტი, რომელიც 2027 წლის ივლისამდე ავალდებულებს არაბეთში მუშაობას.
პირლო, როგორც ფეხბურთელი ვარსკვლავად ითვლებოდა, მაგრამ როგორც მწვრთნელს ავტორიტეტი ჯერაც მოსაპოვებელი აქვს. 2020 წლის დასაწყისში ის „იუვენტუსში“ შეუდგა მუშაობას, სადაც იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო, მაგრამ ტურინელებმა კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს. შემდეგ პირლომ ძალები თურქეთის მეორე ლიგის კლუბ „ფათიჰ კარაგუმრუკში“ სცადა, საიდანაც სერია B-ს „სამპდორიაში“ გადავიდა და ბოლოს დუბაის მიაკითხა.
იტალიის ნაკრები ზედიზედ სამჯერ ვერ მოხვდა მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
აქეთურ-იქითური25/07/2026 | 06:46ნუთუ ჰოლანდიელმა ექიმებმა ტყუილი თქვეს?
აქეთურ-იქითური24/07/2026 | 10:03დემეტრიო ალბერტინი: იტალიური გენი ესპანურისგან განსხვავდება
