დღეს ტექსასში, არლინგტონის AT&T სთედიუმზე გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას ექვსი თანაგუნდელი მიიღებს მონაწილეობას. ესპანეთის ნაკრებს წარმოადგენს ფაბიან რუისი, რომელმაც ფრანგებთან შეხვედრის წინ პსჟ-ში თავის თანაგუნდელებზე ილაპარაკა.
„ისინი ჩემი კარგი მეგობრები არიან. მე მათ ველაპარაკე, მაგრამ მატჩის შესახებ ჯერ არაფერი გვითქვამს. რასაკვირველია, ჩატში ხშირად ვუკავშირდებით ერთმანეთს და თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე ეჭვი არ მეპარება, რომ უბოროტო ხუმრობებსაც არ მოვაკლებთ ერთმანეთს. ჩვენ ვიცით, რა დიდებული ფეხბურთელები არიან ფრანგები და რა დიდი ნაკრები ჰყავთ. მე პსჟ-ში მართლა ბევრი ახლო მეგობარი მეგულება“.
შეგახსენებთ, რომ რუისი და კვარაცხელია „პარი სენ ჟერმენმადე“ „ნაპოლიშიც“ გადაიკვეთნენ, საიდანაც ესპანელი მალე გადავიდა. მან განაგრძო:

„ამ შეხვედრაში რაც შეიძლება ცოტა შეცდომა უნდა დავუშვათ. ეს იქნება მთავარი. ფრანგები ძლიერები არიან, განსაკუთრებით თავდასხმაში, ამიტომ როდესაც მომენტი ჩაგვივარდება გოლი უნდა გავიტანოთ“.
ესპანელებს პსჟ-ს სამ ვარსკვლავთან მოუწევთ გამკლავება. ესენი არიან ოსმან დემბელე, ბრედლი ბარკოლა და დეზირე დუე. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატში სამივემ გაიტანა გოლი: დემბელემ – 5, ბარკოლამ – 2, დუემ – 1.
ფაბიან რუისს ესპანეთის ნაკრებში 48 თამაში აქვს ჩატარებული. მას იმედი აქვს, რომ დღეს საღამოს სასტარტო შემადგენლობაში მოხვდება.
„არ მოგატყუებთ, ყველას გვინდა მოედანზე ყოფნა, თუმცა ისიც ყველამ ვიცით, რომ გუნდი ყველაფერზე მაღლა დგას და ჩვენ მაშინ უნდა ჩავერთოთ საქმეში, როდესაც მწვრთნელს დავჭირდებით. ესპანეთის ნაკრების ძლიერი მხარე სწორედ ეს არის და ამიტომაც მივდივართ დაუმარცხებლად“.
პსჟ-ს ნახევარმცველმა ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ მიმდინარე მუნდიალზე მეორედ ითამაშა „ლა როხას“ სასტარტო შემადგენლობაში და შეხვედრის პირველი გოლიც გაიტანა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 09:57დე ლა ფუენტე უფალს ფეხბურთის მოგებას არ სთხოვს
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 08:52ფაბიან რუისი: ისინი ჩემი ახლო მებობრები არიან
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 07:49არგენტინამ ერთი საათით მეტი ითამაშა და სხვა სტატისტიკა
აქეთურ-იქითური13/07/2026 | 09:25ეგვიპტელები ვერ მშვიდდებიან
