არგენტინას, ინგლისს, საფრანგეთს ან ესპანეთს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულამდე ორი თამაში აკლიათ. დღეს ესპანეთი საფრანგეთს ხვდება, ხვალ ინგლისი არგენტინას. ამ შეხვედრების წინ BBC-მ გამოაქვეყნა წერილი იმის შესახებ, თუ როგორ მივიდნენ გუნდები ნახევარფინალებამდე და პირველი, რაც მის ავტორებს თვალში ეცათ იყო ის, რომ არგენტინას საფრანგეთსა და ესპანეთზე ერთი საათით მეტი აქვს ნათამაშევი. მიზეზი იოლი გასაგებია: არგენტინამ ორ შეხვედრაში დამატებითი დრო ითამაშა. ამ ერთ საათს კი სტატისტიკის თვლისას გათვალისწინება სჭირდება.
თუ გოლებს დავითვლით, დანარჩენ სამს არგენტინა სჯობს (17), თუმცა თუ შეტევისთვის საჭირო ქმედებებს – გოლებს, კარში და კარის მიმართულებით დარტყმებს და საგოლე მომენტებს – ერთად დავითვლით, პირველი საფრანგეთია.
სახიფათო მომენტების რეალიზაციაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს სამხრეთ ამერიკულ გუნდს – 18%. ამ პარამეტრის თანახმად ყველაზე უზუსტო ესპანეთია, რომელმაც დღევანდელი მეტოქის, საფრანგეთის მსგავსად ექვს შეხვედრაში კარში 110-ჯერ დაარტყა, მაგრამ მხოლოდ 11 გოლი გაიტანა, მაშინ როდესაც ფრანგებმა 16 შეაგდეს.

დარტყმების რაოდენობისა და სიზუსტის ან თუ გნებავთ ხარისხის ანალიზი გვაჩვენებს, რომ ინგლისი დანარჩენ სამ გუნდს ჩამოუვარდება, თუმცა საშუალოდ ერთ შეხვედრაში ორი გოლის გატანა ურიგო შედეგი არ არის. ეს ძირითადად ჯუდ ბელინგემისა და ჰარი კეინის დამსახურებაა.
დაცვაში ყველაზე სოლიდური გუნდი არის ესპანეთი, რომელმაც პირველი გოლი მეოთხედფინალში ბელგიასთან გაუშვა. კარგი მაჩვენებელი აქვს მის მეტოქე საფრანგეთსაც, რომელმაც 6 შეხვედრაში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა.
მეორე ნახევარფინალში კი თეორიულად შეიძლება მეტი გოლი ვიხილოთ, რადგან როგორც ინგლისმა ასევე არგენტინამ 6 გოლი გაუშვა. ამასთან უნდა ითქვას თუ რა განსხვავებაა ამ ორ გუნდს შორის: ინგლისის კართან მეტოქეები უფრო იოლად ქმნიან საგოლე მომენტებს, არგენტინის კართან კი მომენტები შეიძლება უფრო იშვიათად იქმნება, მაგრამ შექმნილი მომენტებიდან მეტი მთავრდება გოლით.

იმაში, რომ არგენტინამ მეტი კილომეტრი ირბინა (706.5 კმ) გასაკვირი არაფერია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამხრეთ ამერიკელებმა ერთი საათით მეტი ითამაშეს. თუ ამ დროს არ გავითვალისწინებთ და ისე დავთვლით, დავინახავთ, რომ „ალბისელესტეს“ ფეხბურთელებმა დანარჩენ სამზე ნაკლები ირბინეს და ყველაზე ნაკლები სპრინტიც შეასრულეს.
იგივე ითქმის პრესინგსა და მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან ანუ მოედნის მესამე მესამედში მეტოქისთვის ბურთის წართმევაზე. ამ კომპონენტში ბოლო არგენტინაა, პირველი – ესპანეთი.
თამაშის სტილიდან გამომდინარე გასაკვირი არ არის, რომ ბურთის ფლობაში ყველას ესპანეთი სჯობს – 66%. ამაში იბერიელებმა არა მხოლოდ ნახევარფინალისტთა შორის, არამედ მსოფლიოს ჩემპიონის მონაწილე 48 გუნდიდან ყველას აჯობეს.
ესპანეთს და არგენტინას სხვათანგან ყველაზე მეტი ზუსტი პასიც გამოარჩევს – 90.4%.
ჩატარებული მატჩების სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ინგლისი არგენტინელების, განსაკუთრებით კი ლეო მესის გამჭოლ პასებს უნდა უფრთხილდნენ, არგენტინელები კი ინგლისელთა მაღალ ჩაწოდებებს.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 08:52ფაბიან რუისი: ისინი ჩემი ახლო მებობრები არიან
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 07:49არგენტინამ ერთი საათით მეტი ითამაშა და სხვა სტატისტიკა
აქეთურ-იქითური13/07/2026 | 09:25ეგვიპტელები ვერ მშვიდდებიან
მთავარი ამბავი13/07/2026 | 08:20მესი არასდროს შეხვედრია ინგლისს
