ეროვნული ლიგის მე-15 ტურში სატურნირო ვითარება დაიძაბა. „ტორპედომ“ კლასიკოში 1:0 მოუგო „დინამოს“, ლიდერმა „იბერიამ“ კი „სამგურალთან“ წააგო სტუმრად 2:3 და ახლა უშუალო მდევარ ქუთაისელებს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.
თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით „დინამომ“ მე-7 მატჩი ჩაატარა და პირველად დამარცხდა.
სასიამოვნო ის იყო, რომ ნელ-ნელა ჩვენი ჩემპიონატის შეხვედრებს მაყურებელი ემატება. კლასიკოს წინ „დინამო არანას“ სალაროებთან მცირე რიგებიც კი დადგა, რაც მართლაც უჩვეულო მოვლენაა. ბოლოს ტაბლოზე ზუსტი ციფრიც დაიწერა. თამაშს 6 235 მაყურებელი დაესწრო.
„ტორპედომ“ დამსახურებულად გაიმარჯვა. დირკ შუსტერის შეგირდებს ეტყობოდათ, რომ მწვრთნელის დავალებებს გულმოდგინედ ასრულებდნენ. მაღალ პრესინგსაც მიმარავდნენ და როცა საჭირო იყო ბურთსაც აკონტროლებდნენ. „დინამოზე“ კი იმავეს ვერ ვიტყვით. არ ჩანდა თანმიმდევრულობა, ჟინი. ამას ცხადია, ყველაზე მეტად ქეცბაია განიცდიდა, რომელიც ლამის მთელი მატჩის განმავლობაში არ დამჯდარა და ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას თავისიანების თამაშის გამო.
გოლი კი ცოტა კურიოზული გამოდგა, არაბიძემ შესანიშნავი გრძელი პასით ფელიპე პირესი მოძებნა, ამ დროს თბილისელთა მეკარე გიორგი ლორია, რომელიც „დინამოს“ მაისურით მე-300 მატჩს ატარებდა, რატომღაც ზომაზე მეტად გამოვიდა წინ და ბრაზილიელმა ფაქტობრივად ცარიელ კარში გაიტანა.

შუსტერის გუნდი 11 ტურია დაუმარცხებელია და მეორე ადგილზე დგას. „დინამო“ კი ცხრილში მეოთხეა.
„იბერია“ წყალტუბოში დამარცხდა. ეს ის შემთხვევა იყო, როცა მასპინძლებს ყველაფერი გამოსდიოდათ, ხოლო სტუმრებს არაფერი. ასეთი უსუსური „იბერია“ მიმდინარე სეზონში არ გვინახავს. დამატებულ წუთებამდე ისინი 0:3 აგებდნენ და მხოლოდ შემდეგ შეძლეს ორი ბურთის გაქვითვა. განსაკუთრებით ეფექტური გიორგი ჯინჯოლავას მეორეც გოლი გამოდგა, რომელიც კაპიტანმა შორიდან გაიტანა.
ევროტურნირები ახლოვდება და ასეთი სუსტი თამაშით, „იბერიას“ ვგულისხმობთ, რომელიც ჩვენ ქვეყანას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარადგენს, ეჭვი გვაქვს, ქართული კლუბების ბოლო წლების ყბადაღებულ ევროგამოსვლებს გაიმეორებს… თუმცა, იმედი ვიქონიოთ, რომ გუგა ნერგაძის კრებული მობილიზებას მოახდენს და ამჯერად მაინც გაგვახარებს.
„ბათუმმა“ მნიშვნელოვნად გამოიკეთა სატრნირო მდგომარეობა. მეორე წრეში არ დამარცხებულა (4 მოგება 2 ფრე). ამჯერადაც მნიშვნელოვანი შეხვედრა მოუგო „რუსთავს“ 1:0 და მეხუთე ადგილზე დგას.
„მეშახტე“ „სპაერთან“ 1:2 დამარცხდა და ბოლო ადილზე „დამკვიდრდა.“ ტყიბულელებმა სეზონი კარგად დაიწყეს, მაგრამ მეორე წრეში ექვსივე მატჩი წააგეს.

დინამო 0:1 ტორპედო
0:1 ფელიპე პირესი (70)
გაგრა 2:0 დილა
1:0 კლაუდინეი (64), 2:0 ანდრეიჩუკი (86)
გაძევება: არაუჟო (81) – დილა
სამგურალი 3:2 იბერია
1:0, 2:0 ველისოლი (37 პენ, 44), 3:0 სებოლინია (51), 3:1, 3:2 ჯინჯოლავა (90+2 პენ, 90+7)
სპაერი 2:1 მეშახტე
1:0 პიმენტელი (45+3 საკ. კარში), 2:0 ჩაგუნავა (85), 2:1 ღურწკაია (90+9)
ბათუმი 1:0 რუსთავი
1:0 კოხრეიძე (59)
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
სიახლეები26/05/2026 | 21:25ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:09მბაპე 70
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:04ხვიჩა მოიგებს
