უნაპერწკლოები

უნაპერწკლოები

ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ „ნიცასთან“ პირველ შეხვედრაში შინ 0:0 ითამაშა. 29 მაისს საპასუხო მატჩში გაირკვევა ამ ორიდან რომელი ითამაშებს ლიგა 1-ში და რომელი ლიგა 2-ში. შეგახსენებთ, რომ „ნანტი“ და „მეცი“ უმაღლესი დივიზიონიდან პირდაპირ გავარდნენ, ხოლო „ტროა“ და „ლე მანი“ ქვედა ლიგიდან აღზევდნენ. საფრანგეთში ერთი პოზიციაღა დარჩა გასარკვევი.

შეხვედრა რომელიც „ჟოფრუა გიშარზე“ გაიმართა სანახაობრივი არ გამოვიდა. გუნდები ერთმანეთს კომბინაციური ფეხბურთის თამაშს არ აცდიდნენ. მივიღეთ მატჩი, სადაც ბურთი მალიმალ იკარგებოდა, თამაში წყდებოდა, ხშირი იყო ჯარიმები. დაძაბულ ატმოსფეროში „ნიცამ“ ერთი ფეხბურთელი შეხვედრის დასაწყისშივე დაკარგა – ალჟირელმა ნახევარმცველმა ჰიჩამ ბუდაუიმ თავის ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. „სენტ ეტიენი“ ცდილობდა საკუთარი კედლების უპირატესობა ხელიდან არ გაეშვა, მაგრამ ვერ შეძლო. „ნიცამ“ თამაშის სადავეები თანდათანობით ხელთ იგდო, თუმცა მასპინძლების კართან ხიფათი მანაც ვერ შეძლო.

ზურიკო დავითაშვილი როგორც ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი ბუნებრივია ნიცელთა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოიქცა. მასპინძელთა სამწუხაროდ ქართველმა ამ შეხვედრაში თავი ვერ გამოიჩინა. აი, რას წერს მისი თამაშის შესახებ maxifoot, რომელმაც ზურიკოს 4 ქულა დაუწერა: „ქართველი „ნიცას“ მცველებს საგულდაგულოდ ჰყავდათ ჩაკეტილი. ინდივიდუალურად „სენტ ეტიენის“ ფლანგელი არ შერცხვენილა, რამდენიმეჯერ იმედისმომცემი გაგრძელებაც კი მოიფიქრა, მაგრამ საჯარიმოში ვერაფერს გახდა და სტუმრების მეკარე იევან დიუფი ერთხელაც ვერ შეაშფოთა“.

მატჩის შემდეგ „მწვანეების“ მწვრთნელმა ფილიპ მონტანიემ თქვა: „დღეს ჩვენ ვიხილეთ ორი გუნდი, რომლებმაც ერთმანეთის ნეიტრალიზაცია მოახერხეს. დაცვამ თავდასხმას აჯობა. კარში ვერც ერთმა დაარტყა და ვერც მეორემ, თუმცა თუ დადებითი კუთხიდან შევხედავთ, ჩემი ფეხბურთელების ერთსულოვნებასა და მონდომებას აღვნიშნავდი. ეს მხარე პარასკევს კიდევ უფრო წინ უნდა წამოვწიოთ. მესმის, რომ სეზონი მთავრდება და გოლების გატანა რთულდება. მეტოქეს ძალიან ორგანიზებული დაცვა ჰყავს, მაგრამ ჩვენ მაინც გვაკლდა ნაპერწკალი. იმისთვის, რომ ლიგა 1-ში გადავიდეთ, გოლი უნდა გავიტანოთ. მართალია შინ 0:0 ვითამაშეთ, მაგრამ იმედი მაინც გვაქვს“.

სხვადასხვა საიტებმა დავითაშვილის თამაში ასე შეაფასეს: flashscore – 5.9; sofascore – 6.5; fotmob – 6.5

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.