ალვარესის ამბავი გრძელდება

ალვარესის ამბავი გრძელდება

რამდენიმე დღეა, რაც „ბარსელონას“ „ატლეტიკოსგან“ არგენტინელი თავდამსხმელის ხულიან ალვარესის ყიდვის იმედი კვლავ გაუღვივდა. საქმე ის არის, რომ ალვარესმა „მატრასების მკერავებთან“ ახალი კონტრაქტის დადებაზე უარი თქვა, რაც კატალონიაში სასიკეთოდ საქმედ მიიჩნიეს. ესპანური პრესის ცნობით თავად „ატლეტიკოსაც“ დაეტყო, რომ გასულ სეზონში 49 შეხვედრაში 20 გოლის გამტანი არგენტინელის გაყიდვაზე უარს არ იტყვის, თუმცა ამას მხოლოდ თავის პირობებზე დაუშვებს. სწორედ „ატლეტიკოს“ პირობები გახლდათ აქამდე გარიგების მთავარი დაბრკოლება.

„მარკამ“ დაწერა, რომ ალვარესს „ბარსელონაში“ უნდა გადასვლა, მაგრამ მადრიდელები 150 მილიონ ევროს ითხოვენ. კატალონიურ კლუბს აქამდე ყველაზე დიდი თანხა 2017 წელს ოსმან დემბელეში აქვს გადახდილი. ფიქსირებული რაოდენობა 105 მილიონი ევრო იყო, მაგრამ ყველა ბონუსის გათვალისწინებით საბოლოო ღირებულებამ 148 მილიონ ევროს მიაღწია.

ირკვევა, რომ ალვარესთან დაკავშირებით „ატლეტიკოს“ დირექტორატში აზრები გაყოფილია. ზოგს მიაჩნია, რომ რაკი 150 მილიონად გუნდის მნიშვნელოვანი გაძლიერება შეიძლება, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვან, მეორე ნაწილს კი ფორვარდის შენარჩუნება სურს.

„ბარსელონა“, თავის მხრივ, ფულში შეზღუდულია. ესპანეთის ჩემპიონი ამბობს, რომ 100 ერთ ფეხბურთელში მილიონ ევროზე მეტს ვერ გადაიხდის.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.