RedBird Capital Partners არის ამერიკული კერძო საინვესტიციო კომპანია, რომელიც 2014 წელს ნიუ-იორკში დააფუძნა ბიზნესმენმა ჯერი კარდინალემ. ის განაგებს მილიარდობით დოლარის კაპიტალს და სპეციალიზებულია რამდენიმე ძირითად სექტორზე: სპორტი, მედია, გასართობი ინდუსტრია, ტექნოლოგიები და ფინანსები. RedBird იტალიური საფეხბურთო გიგანტის „მილანის“ მფლობელიცაა და სწორედ ამიტომ დაიბარა ხსენებულმა კარდინალემ გუშინ დილით ქალაქ მილანის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში კლუბის დირექტორთა საბჭოს გავლენიანი წევრი მასიმო კალველი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომლის თანამდებობასაც ოფიციალურად მფლობელების და მენეჯერთა უფროსი მრჩეველი ჰქვია. მედიას თვალში ეცა, რომ შეხვედრაზე არ მივიდნენ აღმასრულებელი დირექტორი ჯორჯო ფურლიანი და ტექნიკური დირექტორი, ფრანგი ჟოფრეი მონკადა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ეს ორი სპორტულ დირექტორ იგლი ტარესთან და მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრისთან ერთად მოუხსნიათ. მიზეზი: მათ გუნდი ჩემპიონთა ლიგაშიც კი ვერ გაიყვანეს.
კალველისთან და იბრაჰიმოვიჩთან კარდინალემ 2026-27 წლების სეზონზე ილაპარაკა. ალეგრის შემცვლელის გვარი და სახელი ჯერ არ უთქვამთ, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ იბრაჰიმოვიჩს კონკრეტული კანდიდატურა ჰყავს.

ასეთ დროს პირველი, ვინც ჟურნალისტებს და გულშემატკივრებს გაახსენდათ რასაკვირველია იყო ანტონიო კონტე, რომელმაც იმავე დღეს „ნაპოლი“ დატოვა, მაგრამ მოგვიანებით ითქვა, რომ კონტე „მილანის“ შეფებისთვის მთავარი კანდიდატი არ არის, რადგან ისინი ფაბრეგასისნაირი პროფილის მქონე კაცს ეძებენ. ფაბრეგასისნაირი პროფილი კი სავარაუდოდ „კომის“ თავკაც სესკ ფაბრეგასს აქვს. ერთი სიტყვით, „მილანს“ სჭირდება ადამიანი, რომელსაც ფეხბურთზე მკაფიო შეხედულება აქვს, „მილანს“ კი იდენტობას შესძენს და შედეგებს მოუტანს. „როსონერის“ მომავალი მწვრთნელის შესახებ მეტი ინფორმაცია სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, მანამდე კი მედიაში ლაპარაკობენ ჩავიზე, „ბორნმუთიდან“ ახალწასულ ანდონი ირაოლაზე, მარკ ვან ბომელსა და „იუვენტუსის“ ყოფილ ფეხბურთელ ტიაგო მოტაზე. ბოლო ორს იბრაჰიმოვიჩი თურმე განსაკუთრებულ პატივს სცემს.
მათ გარდა ახსენეს „ბოლონიას“ თავკაცი ვინჩენცო იტალიანო და რაფაელე პალადინო, რომელმაც „ატალანტა“ დატოვა.
რაც შეეხება ფეხბურთელებს, ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელი გარემარბი რაფაელ ლეაო, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ხვიჩა კვარაცხელიას ატოლებდნენ 50 მილიონ ევროდ იყიდება ანუ მილანელთა სამომავლო გეგმებში არ შედის. მის გარდა „როსონერის“ კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გაჰყავს გასაყიდად.
ითქვა, რომ გავრცელებულ ხმათა მიუხედავად „მილანს“ არც 81 წლის ცნობილი საფეხბურთო ფუნქციონერი ადრიანო გალიანი სჭირდება. შეგახსენებთ, რომ გალიანიმ სილვიო ბერლუსკონის ეპოქაში (1986-2017) „მილანში“ 31 წელიწადი იმუშავა. მას როგორ ტოპ-მენეჯერს 29 ტიტულის მოგებაში აქვს წვლილი შეტანილი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები26/05/2026 | 08:50ფაბრეგასის მაგვარი ალბათ ფაბრეგასია
აქეთურ-იქითური26/05/2026 | 07:41ფერნანდეში ვირია და კინი ლომი?
აქეთურ-იქითური25/05/2026 | 10:33კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
მთავარი ამბავი25/05/2026 | 08:55არადა სამი წლის წინ კონფერენციის ლიგა მოიგო