დუნე თამაში მონაკოში

Home კატეგორიის გარეშე დუნე თამაში მონაკოში
დუნე თამაში მონაკოში

„მონაკომ’’ ტაკუმი მინამინოს მიერ 68-ე წუთზე გატანილი გოლით შინ 1:0 მოუგო „პარი სენ ჟერმენს’’, რითაც „მარსელს’’ ცხრილის სათავეში მოქცევის შესაძლებლობა მისცა, მაგრამ ზღვისპირელებმა ვერ ისარგებლეს, „ტულუზთან’’ 2:2 ითამაშეს და მეორე პოზიციაზე დარჩნენ, თუმც ქულებით გაუთანაბრდნენ დედაქალაქის გუნდს. დღეს „ლანსი’’ თამაშობს სტუმრად „ანჟესთან’’ და თუ მოიგებს ის გადავა პირველ ადგილზე.

საინტერესოა, რომ ფრანგულმა საიტმა maxifoot-მა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა ლამინ კამარა, არადა ის მსაჯს პირველივე ტაიმში უნდა გაეგდო. კამარამ სტუმრების მეკარე ლუკა შევალიეს კინაღამ კოჭი მოსტეხა. გადარჩენილმა კამარამ (და რასაკვირველია შევალიემ) თამაში განაგრძეს, რის მერეც სენეგალელმა დიდი სამუშაო შეასრულა და „მონაკოს’’ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

რაკი maxifoot ვახსენეთ, მოდი ვთქვათ როგორ შეაფასა ამ საიტმა სტუმრების ქართველი გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას თამაში. პორტალმა კვარას დაბალი ქულა 4.5 დაუწერა, რასაც ასეთი განმარტება მოაყოლა: „თუ ლუკას ჰრადეცკის მოგერიებულ ბრწყინვალე ჩახვეულ დარტყმას არ ჩავთვლით, პარიზელ მარცხენაფლანგელს დუნე პირველი ტაიმი ჰქონდა. მეორე ტაიმში ქართველი სივრცეს უკეთ იყენებდა, მაგრამ „მონაკოს’’ კარგად ორგანიზებული დაცვის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. 76-ე წუთზე ის იბრაჰიმ მბაიემ შეცვალა, რომელმაც მსაჯს ტილო კეჰრერი გააძევებინა მოედნიდან’’.

Footmercato-მ კვარაცხელიას თამაში ასევე დაბალი 5.5 ქულით შეაფასა: „ამ შეხვედრაში პსჟ-ს შემტევთა შორის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი აშკარად საუკეთესო იყო. ის ხშირად მარტო უტევდა რამდენიმე ოპონენტს, ქმნიდა შესაძლებლობებს, თანაგუნდელებს აცოცხლებდა. ვნახეთ მისი მშვენიერი ჩახვეული დარტყმები 25-ე და 35-ე წუთებზე. მეორე ტაიმში მეურვეს უკეთ უსხლტებოდა, მაგრამ მეტოქის საჯარიმო მოედანში ძალიან აკლდა სიზუსტე’’, – დაწერა საიტმა.

Flashscore – 6.2; fotmob – 6.8; sofascore – 6.6; whoscored – 6.6.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.