ლუის ენრიკე: ეს იყო სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი

Home კატეგორიის გარეშე ლუის ენრიკე: ეს იყო სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი
ლუის ენრიკე: ეს იყო სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი

„მონაკოსთან’’ სტუმრად 0:1 წაგების შემდეგ „პარი სენ ჟერმენის’’ თავკაცი ლუის ენრიკე გაბრაზებული ჩანდა და საპრესკონფერენციო ოთახი მალე დატოვა. ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, რომ მისი გუნდის მარცხი ლოგიკური იყო, აღშფოთება გამოთქვა ლამინ კამარას უხეშობით ლუკა შევალიეს წინააღმდეგ და იმ ფაქტით, რომ მსაჯმა კამარას წითელი ბარათი არ ამოუღო.

რას იტყოდით ლუკა შევალიეს წინააღმდეგ შესრულებულ ვარდნაზე და ამით ხომ არ იყო განპირობებული ის, რომ პსჟ-მ შემდეგ უნიჭოდ ითამაშა?

მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ლუკა შევალიეს დღეს ბედმა გაუღიმა. რაც შეეხება მეორე კითხვას, იმისათვის, რომ ჩვენი თამაში გავაანალიზო, ჩანაწერი უნდა ვნახო. ზედაპირზეა ის ფაქტი, რომ დიდი რაოდენობით შეცდომები დავუშვით და უზუსტობები ვაკეთეთ. უკეთეს შედეგს არც ვიმსახურებდით.

როგორ ფიქრობთ, მსაჯმა შევალიეს წინააღმდეგ შესრულებული ვარდნის ჩანაწერი რატომ არ ნახა?

ეს კითხვა უნდა დავუსვათ იმ ადამიანს, რომელმაც გადაწყვიტა ჩანაწერი არ ენახა. მე ამ საკითხზე ბევრს, ბევრს, ბევრს ვილაპარაკებდი, მაგრამ მირჩევნია ერთი წინადადებით შემოვიფარგლო: შევალიეს გაუმართლა. ვფიქრობ ეს საკმარისია.

გუნდის ცუდ თამაშს რით ხსნით?

ორივე გუნდმა ცუდად ითამაშა, თუმცა „მონაკო’’ გვჯობდა. შეხვედრის დასაწყისში გაგვიჭირდა. როდესაც ამდენ ინდივიდუალურ შეცდომას უშვებ, ფაქტია სტაბილურად ვერ ითამაშებ. ჩემი აზრით ეს მიმდინარე სეზონში ჩვენი ყველაზე ცუდი შეხვედრა იყო.

ის რაც მოხდა დაღლილობის ბრალი ხომ არ არის?

ჩემთვის ამის თქმა ყველაზე ადვილი გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ თავს ვერაფრით გავიმართლებ. ძალიან ძნელია, მაგრამ ჩვენ ყოველ დღე უნდა ვცდილობდეთ ვაჩვენოთ კარგი შედეგი. იოლი „მონაკოსთვისაც’’ არ იყო, მაგრამ მათ გამარჯვება ჩვენზე მეტად დაიმსახურეს. ისე, მოსალოდნელი გოლების სტატისტიკა თანაბარი გვქონდა. დღეს ძალიან ცუდი საღამო გამოგვივიდა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.