კრაუჩი: სალაჰი ხელშეუხებელი არ უნდა იყოს

Home კატეგორიის გარეშე კრაუჩი: სალაჰი ხელშეუხებელი არ უნდა იყოს
კრაუჩი: სალაჰი ხელშეუხებელი არ უნდა იყოს

Mohamed Salah of Liverpool and Nico O'Reilly of Manchester City in action during the Premier League match between Manchester City and Liverpool at...ვეტერანი ინგლისელი თავდამსხმელი პიტერ კრაუჩი თავის ყოფილ გუნდზე, „ლივერპულზე’’ ლაპარაკისას ამბობს, რომ მისი პრობლემები ღრმად არის ფესვგამდგარი და არნე სლოტს „ვესტ ჰემთან’’ დღევანდელ შეხვედრაში მო სალაჰის სკამზე დასმას სთავაზობს.

Mohamed Salah stands before the FIFA World Cup African qualifiers Match Group A between Egypt and Guinea-Bissau at Cairo International Stadium in...ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაში „ეინდჰოვენთან’’ 1:4 წაგება მერსისაიდელებისთვის 12 შეხვედრაში მეცხრე გახლდათ. ასეთი ცუდი პერიოდი გუნდს 1953 წლის შემდეგ არ ჰქონია.

რაც შეეხება სალაჰს, გამყარდა მოსაზრება, რომ ეგვიპტელი თანაგუნდელებს დაცვაში არ ეხმარება. ის ვერც შეტევით მოიწონებს თავს ― სულ ხუთი გოლი აქვს გატანილი. ასეთი ცუდი სტარტი მას „ენფილდზე’’ ჩატარებული ცხრა სეზონიდან ერთშიც არ ჰქონია.

კრაუჩი ამბობს, რომ სალაჰს „ლივერპულში’’ ისევე უნდა ეპყრობოდნენ როგორც სხვა ფეხბურთელებს და როდესაც საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთს აჩვენებს, მისი სკამზე დასმის არ უნდა ეშინოდეთ.

კრაუჩი: „ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში გუნდმა დაცვაში საშინლად ითამაშა, ფეხბურთელები საკუთარ თავს არ ჰგავდნენ. ისინი პრესინგს არ მიმართავდნენ, ბურთს სულ უკან აბრუნებდნენ და რასაკვირველია ამაში ბრალი სალაჰსაც მიუძღვის. მჯერა, რომ სალაჰს გარდატეხის შეტანა შეუძლია და თუ ვინმე იმსახურებს შედარებით რბილ დამოკიდებულებას ეს უპირველეს ყოვლისა მო სალაჰია, მაგრამ ხელშეუხებლობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. თუ ის ბოლომდე არ იხარჯება და არნე სლოტს რაღაცის შეცვლა სჭირდება, მან ეს რაღაც უნდა შეცვალოს. მეორე მხრივ, ვიმეორებ, კიდევ ვფიქრობ, რომ სალაჰს გუნდის შემობრუნება შეუძლია და მას ეს გამოუვა.

რასაკვირველია, გუნდმა რამდენიმე თამაში შეიძლება წააგოს, მაგრამ ასე? „ეინდჰოვენი’’ რასაკვირველია ძლიერი გუნდია, მაგრამ „ლივერპული’’ მას უნდა უგებდეს. ვიმეორებ, შეიძლება დამარცხდე, მაგრამ ეს უკვე იმდენად ხშირად ხდება რომ, როგორც ჩანს, რაღაც ღრმად ფესვგადგმულ პრობლემასთან გვაქვს საქმე’’.

კრაუჩს ასევე მიაჩნია, რომ „ენფილდმა’’ მრისხანე სტადიონის აურა დაკარგა და გუნდები აქ უკვე მოსაგებად მოდიან.

„ადრე, განსაკუთრებით კლოპის დროს რომც მოგეგო, შენს მეკარეს 25-30 დარტყმა უნდა მოეგერიებინა, რაც შიშს იწვევა’’, ― თქვა კრაუჩმა.

მოჰამედ სალაჰთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი საკითხი: „ლივერპული’’ ელოდება ფიფას გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გაუშვას ეგვიპტელი აფრიკის ერთა თასზე. შეჯიბრება 21 დეკემბერს იწყება. „ფარაონებს’’ პირველი შეხვედრა 22-ში აქვთ. რასაკვირველია, „ლივერპულს’’ თავისი ვარსკვლავის შედარებით ადრე გაშვება მოუწევს.

აფრიკის თასამდე ეგვიპტე სხვა შეჯიბრებაში არაბთა თასზე გამოვა. ეს ტურნირი 2 დეკემბერს იწყება, თუმცა ინგლისის ჩემპიონი ვალდებული არ არის მის გამო ფეხბურთელი გაათავისუფლოს. ეგვიპტეს არაბთა თასზე მეორე შემადგენლობა მიჰყავს.

მთავარი გუნდი კი 7 დეკემბერს ნიგერიას ხვდება ამხანაგურად და „ლივერპული’’ იმედოვნებს, რომ ფორვარდის გაშვება არ მოუწევს, რადგან 13 დეკემბერს „ბრაიტონთან’’ აქვს სათამაშო.

მოსალოდნელია, რომ ფიფა კლუბებს ფეხბურთელების ტურნირამდე ორი კვირით ადრე გათავისუფლებას მოითხოვს ანუ სალაჰი 9 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაში „ინტერთან’’ ვეღარ ითამაშებს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.