ესპანეთი ცოტაც ბევრია ― აი, ასე. მოკლედ და გასაგებად. მეტოქის კართან ყველაზე უიღბლო დღესაც კი, 24 დარტყმით ერთის წინააღმდეგ, ესპანეთის ნაკრებმა დაამარცხა საქართველო შეხვედრაში, რომელმაც 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი უფრო ახლოდან დაგვანახა. იერემია პინოს და მიკელ ოიარსაბალის გოლებმა – ეს უკანასკნელი ნამდვილი რაკეტა იყო სამკუთხედითა და ტრანსპორტირით გამოთვლილი ტრაექტორიით (თუ ამ ხელსაწყოებს კიდევ იყენებენ) – გატეხეს კვარაცხელია და კომპანია. მათ დაადასტურეს, რომ „ფურია როხა’’ კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში ისე მიფრინავს, ავიაკომპანიებს რომ არ დაესიზმრებათ.
ეს უკვე მიჯრით 28-ე ოფიციალური შეხვედრაა, რომლებშიც „ფურია როხა’’ დაუმარცხებელია. შთამბეჭდავი რიცხვია, ფაქტობრივად თავბრუდამხვევი. მან უკვე აჯობა არგენტინას (26 წაუგებელი შეხვედრა ორჯერ, 1945-56 და 2019-2022) და საფრანგეთს (27 წაუგებელი სერია ასევე ორჯერ, 1994-1999 და 2019-2021). ახლა ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი შეეცდება გაუტოლდეს საკუთარ თავს (29 წაუგებელი შეხვედრა 2010-2013 წლებში) და დასამხობი დარჩება 2018-2021 წლების იტალიისა და 2019-2022 წლების მაროკოს მიღწევები: 31 და 38 მატჩი. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს რიცხვები კვამლია მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩაფლავების წინ, მაგრამ აზვირთებულ ზღვაში ზურგის ქარით ჯობს შესვლა.
ბულგარეთის, თურქეთისა და საქართველოს დამარცხების შემდეგ ჩვენ შესარჩევი შეჯიბრების შუაშივე შეგვიძლია დიდი ტურნირის საგზურის მოპოვება. ამ სამ გამარჯვებას აქვს დამატებითი ბონუსი: 11 გატანილი და 0 გაშვებული გოლი. ესე იგი თავდასხმა კარგად თამაშობს, დაცვა კი საიმედოა.
ვილი სანიოლმა „ნაპიორსტკების’’ თამაში გადაწყვიტა, მაგრამ მისი ფანდი თამაშამდე საათნახევრით ადრე გაიშიფრა: სამი კვირა ლაზარეთში ყოფნის მიუხედავად კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა. ეს კარგი იყო საქართველოს ნაკრებისა და ზოგადად ფეხბურთისთვის, რადგან პსჟ-ს გარემარბის მოედანზე ნახვა ყოველთვის სასიამოვნოა. თუმცა, არავინ იცის ასე ფიქრობდა თუ არა პორო, რომელსაც კვლავ ჩააბარეს ესპანელთა დაცვის მარჯვენა ფრთა.
მეორე ფანდი თხემით ტერფამდე ცენტრალური მცველის დვალის უეფას განაცხადში მარჯვენა გარემარბად ჩაწერა გახლდათ. რასაკვირველია, გაგორდა თუ არა ბურთი გაირკვა, რომ დვალი მხოლოდ ფურცელზე იყო მარჯვენა თავდამსხმელის პოზიციაზე. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებში ყველამ თავის ბუნებრივ პოზიციაზე ითამაშა. თუმცა ასე არ მოხდა „ფურია როხაში’’, სადაც ფერან ტორესი მარჯვნივ დადგა, იერემი პინო კი მარცხნივ. რაც შეეხება კუბარსის, მისთვის მარცხენა ცენტრალური მცველობა როგორც „ბარსაში’’ ასევე ნაკრებში ჩვეული ამბავი გახდა.
მაგრამ დავბრუნდეთ რამდენიმე სტრიქონით უკან და გავიხსენოთ ჩვენ მიერ ნახსენები კვარაცხელიასა და პოროს დუელი, ეს იყო ნამდვილი პსჟ-ტოტენჰემი, რომლის პირველი რაუნდი ქართველის გამარჯვების დასრულდა. მან მე-11 წუთზე ამჯერადაც მიაღებინა მეტოქეს ყვითელი ბარათი. ამ ბარათით ლიტველმა მსაჯმა მანფრედას ლუკიანჩუკასმა ესპანელ მცველს ძალიან დიდი ტვირთი აჰკიდა. სხვათა შორის, არბიტრმა რამდენიმე წუთით ადრე ხელები დაიბანა ეპიზოდში, რომელსაც ისე ასდიოდა პენალტის სუნი, რომ VAR-ის ჩარევაც კი გახდა საჭირო.
დრო გადიოდა. ესპანეთი ფეხს მიათრევდა, ბურთს ვერ ახურებდა, ხუთი მცველით მოთამაშე საქართველოს კი კარგად ეჭირა თავი. „წითლებმა’’ პირველი სახიფათო მომენტი სტანდარტული მდგომარეობიდან შექმნეს ― ორიასაბალის თავური მამარდაშვილის კარის ხარიხას ოდნავ გადაცდა.
საბედნიეროდ, ამ მღვრიე ვითარებაში გამოჩნდა მუდამ გამჭრიახი პედრი, რომელმაც საჯარიმო მოედნის შუაში ლე ნორმანი მოძებნა. ამ უკანასკნელის დარტყმამ პინო ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა და ანგარიში გაიხსნა. მალე საქართველოს შეიძლება კიდევ უფრო დიდი დარტყმა მიეღო. სანამ კაშია და გოგლიჩიძე ბჭობდნენ რა გააკეთეს არასწორად პირველი გოლის დროს, მამარდაშვილმა საჯარიმოში ფერანი წააქცია. კეთილი გულის ოიარსაბალმა დარტყმა თავად ტორესს დაუთმო, მაგრამ მან ცუდად დაარტყა, შუაში და საშუალო სიმაღლეზე ― ისეთი ბიჭისთვის როგორიც მამარდაშვილია ეს ნამდვილი კარამელი იყო.
ამის მერე უზუსტობა ესპანეთის ნაკრებს ჩვევაში გადაუვიდა. შესვენებამდე ბედი სცადეს პორომ, ოიასაბალმა და მერინომ. ამ უკანასკნელმა ორჯერაც კი მოსინჯა ძალა, მაგრამ საქართველოს ნაკრების მეკარეს ვერავინ აჯობა. მეორე ტაიმში იგივე განაგრძეს ოიარსაბალმა და ფერანმა. ტრიბუნებს დროდადრო კვლავ ოხვრა აღმოხდებოდათ ხოლმე. ბურთს კარში შევარდნა არ უნდოდა. დარტყმა დარტყმას მოსდევდა. ერთ ეპიზოდში პორომ და ოიარსაბალმა ორჯერაც კი გაარტყეს ბურთი ძელს.
64-ე წუთზე „რეალ სოსიედადის’’ მოთამაშემ მაინც მიაღწია თავისას. მან საჯარიმო მოედნის მისადგომებიდან დაარტყა ჯარიმა. მსაჯმა დარტყმის გამეორება მოითხოვა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ გეგონება ბრჭყალებით ჩააფრინდაო, ბურთი მამარდაშვილის კარის კუთხეში შევარდა. გამოცდილმა გულშემატკივრებმა თქვეს, რომ იმ მომენტში პუშკაში გაცოცხლდა. რაკეტის გასროლა მარტინეს ვალეროს სტადიონზე. რეკორდისკენ მიმავალი ესპანეთის ნაკრებისთვის მატჩის უკეთეს დასასრულს ვერავინ ინატრებდა.
AS, ექტორ მარტინესი
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/05/2026 | 10:33კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
მთავარი ამბავი25/05/2026 | 08:55არადა სამი წლის წინ კონფერენციის ლიგა მოიგო
სიახლეები25/05/2026 | 07:24…მთელს თამაშად ღირდა
სიახლეები21/05/2026 | 13:16შვიდიდან შვიდი
