ესპანური პარადი პედრიმ წაიყვანა

Home კატეგორიის გარეშე ესპანური პარადი პედრიმ წაიყვანა
ესპანური პარადი პედრიმ წაიყვანა

პედრი აქეთ, პედრი იქით და ილუზიონისტის ცილინდრიდან ამოდის მძლავრი, ქარიზმატული, მომაჯადოებელი გუნდი, რომელიც ჯიქურ მიიწევს მსოფლიოს ჩემპიონატისკენ. ჩემპიონატამდე ერთი წელიწადიც არ დარჩა და ჯერჯერობით არგენტინასთან ერთად სუფრას მხოლოდ ესპანეთი უზის. ოღონდ, ვახშმის დროს ჯერ არგენტინა განსაზღვრავს.

გეგონება დიპლომისთვის იბრძვისო, ესპანეთმა ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ჯუნგლებს გამოწვევა გაუგზავნა ― ეს იყო მოედანზე გასული მწევრების ხროვა, ოღონდ საოცრად ორკესტრირებული. საერთო განწყობა დადებითი იყო. ამ ფონზე დიდებული პედრის მხარდამხარ გამოჩნდა პედრო პორო, რომელმაც შესანიშნავად შეასრულა განაპირა მცველ-გარემარბის როლი.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ანგარიში გამანადგურებელი არ გამოვიდა მამარდაშვილის  ოსტატობა იყო. მართალია ესპანეთს ბევრი ფეხბურთელი აკლდა, მაგრამ გულდასაწყვეტი არაფერი მომხდარა. უნაი სიმონს შეეძლო ამ საღამოს ხელთათმანები საერთოდ არ ჩაეცვა.

სულ რამდენიმე წლის წინ საქართველო იყო ბევრთანხმოვნინანი გვარების კრებული და მეტი არაფერი. ახლა კი მას ევროპული ელიტის წარმომადგენლები ჰყავს: მამარდაშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია. მაგრამ ესპანეთის წინააღმდეგ ეს არ მუშაობს, რადგან ესპანეთი ქლოროფორმის ბურთით თამაშობს ― მეტოქის მინიატურად ქცევის საუკეთესო საშუალებაა.

წინა დღეების ჭორების, სამედიცინო დასკვნებისა და მოსაწყენი ამბების შემდეგ როგორც იქნა ფეხბურთამდე მივედით. დე ლა ფუენტეს ბიჭებმა თავიდანვე იგდეს ხელთ უპირატესობა. ნიკოსა და ლამინის გამანადგურებელი დუეტის, მათი ბრწყინვალე დრიბლინგის გარეშე გუნდს სხვა გზის მოძებნა დასჭირდა.

რასაკვირველია, როდესაც მოედანზე პედრია ყველაფერი უფრო ადვილი ხდება. ის არის ერთ ადამიანში მოქცეული მთელი გუნდის ინტელექტი. ნახევარმცველისთვის მეტოქის საჯარიმო მოედანი ათასი მეტრისგან შედგება. ესპანეთის ნაკრები დინჯად ამზადებდა შეტევებს სანამ საბოლოოდ სწორედ არ მოაგვარა პედრიმ პრობლემა: მან ლე ნორმანდს მიაწოდა ბურთი, რომელიც საბოლოოდ იერემი პინომ კარში შეაგდო. პედრი ის ფეხბურთელია, რომელიც ყოველთვის პოულობს ნემსს თივის ზვინში.

კანარის კუნძულელის მარჯვნივ მოქმედებდა პედრო პოროსა და ფერან ტორესის წყვილი. პირველი იმპერატორივით იყო, მეორე კი როდესაც კარგ ფორმაშია მეტოქეს წამის მეათედით ყოველთვის ასწრებს. თავდამსხმელი ყველა გადამწყვეტ მოქმედებაში იყო ჩართული: თავიდან პენალტის მონადირება სცადა, მაგრამ ის VAR-მა გააუქმა, შემდეგ მამარდაშვილს დაასწრო, რომელმაც წააქცია. დაინიშნა პენალტი, მაგრამ დარტყმა ამ საქმის სპეციალისტმა „ლივერპულის’’ მეკარემ მოიგერია. ვნახოთ, გამოდგება თუ არა ეს ვერ-გატანილი პენალტი გაკვეთილად ესპანეთის ნაკრებისთვის. 1:0-ზე თერთმეტმეტრიანის გაფუჭება ხუმრობა ნამდვილად არ არის.

„ლა როხაში’’ მკვიდრდება სახიფათო ტენდენცია, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ: „მოდი, მე დავარტყამ’’. გეგონება არდადეგებზე შეკრებილი სკოლი მოსწავლეები ან ქუჩაში ბიჭები თამაშობდნენ. ეს ტენდენცია იგრძნობა კლუბებშიც და ნაკრებშიც. ამ ვირუსისგან განკურნებაა საჭირო. პენალტისტი ოიარსაბალია, მაგრამ ფერანს ბომბარდირთა შორის უნდოდა მოხვედრა.

ოიარსაბალმა მეორე ტაიმში მაინც გამოიჩინა თავი, როდესაც საჯარიმოს ხაზიდან რობერტო კარლოსივით დაარტყა. მან მარცხენა ფეხით ისე ძლიერად გაისროლა, რომ მამარდაშვილს კისერი მოეღრიცა. ის თვალებს არ უჯერებდა. ამის შემდეგ „რეალ სოსიედადის’’ ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე დაჯდა. ის საუცხოო გოლის მერე ოვაციის ფონზე შეცვალეს.

საქართველოსთვის კი წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ ისტორიული ანგარიშით არ წააგო. ესპანეთთან არ-განადგურება მეტოქეებისთვის უკვე კარგი შედეგია. ახლოვდება აშშ.

„მარკა’’, ხოსე ლუის ურტადო

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.