დარჩა მეოთხე…

Home დავთარი დარჩა მეოთხე…
დარჩა მეოთხე…
შეიძლება იყოს 3 ადამიანი, ფეხბურთის თამაშში ჩართულები, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები და ტექსტი გამოსახულება
ჩემპიონატის ლიდერმა დილამ 10-კაციან დინამოსთან ქულები დაკარგა

ეროვნულ ლიგაში მესამე წრე დასრულდა. მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ ყველა მატჩი ერთ დღეს ჩატარდა. 27-ე ტურში ლიდერებს შორის სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა. „დილამ“ კაცნაკლულ „დინამოსთან“ 0:2 წააგო. ეს გორელების პირველი მარცხი გახლდათ ზედიზედ ხუთი მოგების შემდეგ.  გორელების უახლოესმა მდევარმა „იბერიამ“ კი 3:1 მოუგო „გაგრას.“ ახლა გორელებს 59 ქულა მოუგროვდათ და გათამაშების ცხრილს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობენ, მეორე ადგილზე მყოფ „იბერას“ 56 ქულა აქვს.

მესამეზე 45-ქულიანი თბილისის „დინამოა,“ რომელიც „დილასთან“ მატჩში მე-10 წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. მათ განელი შემტევი ბარნს ოსეი გაუძევეს, მაგრამ მაინც მოახერხეს ლიდერის დამარცხება. განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ 18 წლის  აბდულაი იოროს გოლი, რომელიც კოტდივუარელმა ნახევარმცველმა პირველი ტაიმის ბოლოს გაიტანა საჯარიმოს გარედან „ცხრიანში.“ ეს გოლი არა მარტო ტურის, არამედ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

აღსანიშნავია „იბერიაში“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გუგა ნერგაძის წარმატებული დებიუტი. გუგა 29 წლისაა და ამისდაკვალად, ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტია ეროვნულ ლიგაში. ნერგაძე „იბერია 2“-დან დააწინაურეს და ის მიმდინარე სეზონში იბერიელთა მესამე დამრიგებელი გახდა ლევან კორღალიძისა და გია გეგუჩაძის შემდეგ.

„კოლხეთი“ „ბათუმს“ 2:0 უგებდა შინ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. „სამგურალმა“ ე. წ. ექვსქულიანი მატჩი მოუგო „თელავს“ და პლეი-აუტის ზონას ოთხი ქულით დაშორდა.

ამ ტურში ორი  დუბლი დაფიქსირდა. ერთი ტორპედოელმა პაატა ღუდუშაურმა გაუტანა „გარეჯს,“ მეორე იბერიელმა ლუკა სილაგაძემ „გაგრას.“ ეს უკანასკნელი მეოცე ორგოლა გახლდათ სეზონში.

ახლა სანაკრებო პაუზა გველის და მეოთხე წრე 17 ოქტომბერს განახლდება.

კოლხეთი 2:2 ბათუმი

1:0 ხარებავა (45+1), 2:0 პლიუშჩი (48), 2:1 ჯაფარიძე (60), 2:2 წულუკიძე (78)

გარეჯი 1:3 ტორპედო

0:1 ანდრიჩი (24), 0:2, 0:3  ღუდუშაური (34, 44), 1:3 გოგოლაშვილი (60)

გაძევება: ცეცხლაძე (65) – გარეჯი

გაგრა 1:3 იბერია

0:1 სილაგაძე (27), 1:1 გოცირიძე (30), 1:2 სილაგაძე (38), 1:3 აგიაკავა (59)

დინამო 2:0 დილა

1:0 იორო (45+1), 2:0 ვაწაძე (90+8)

გაძევება: ოსეი (10)

სამგურალი 1:0 თელავი

1:0 რიანი (60)

 

 

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.