„ტოტენჰემ ჰოთსფურმა’’ ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალი’’ რთულ ბრძოლაში დაამარცხა ― 1:0. ეს ისტორიაში ამ გუნდების პირველი შეხვედრა იყო. სულ „ყვითელი წყალქვეშა ნავი’’ ინგლისელებს 15-ჯერ შეხვედრია. ესპანელთა სამწუხაროდ, ამ 15 თამაშიდან მათ ერთიც არ მოუგიათ ― 6 ფრე და 9 მარცხი.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე „ვილიარეალის’’ ბრაზილიელი მეკარის ლუის ჟუნიორის უხეში შეცდომის გამო გავიდა. მან ლუკას ბერგვალის პასი ჩაჭრა, მაგრამ ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა და თავის კარში შეუვარდა. ესპანურ პრესაში ხაზი გაუსვეს, რომ ლუის ჟუნირი „ვილიარეალის’’ ისტორიაში ყველაზე ძვირად ნაყიდი მეკარეა და დასვეს კითხვა: ღირდა ამდენი ფულის გადახდა მოთამაშეში, რომელიც ასე უხეშად ცდება?
„ვილიარეალის’’ ისტორიაში ყველაზე ძვირად ნაყიდი ფეხბურთელი კი ჟორჟ მიქაუტაძეა, რომლის შესახებაც AS-მა ასე დაწერა: „ქართველი მოედანს საერთოდ არ დატყობია. ის სასოწარკვეთილი იყო. მან საკვანძო როლი მხოლოდ 85-ე წუთზე შეასრულა, როდესაც მასპინძელთა საჯარიმო მოედნის წინ წააქციეს’’.
„მარკამ’’ მიქაუტაძეს, ისევე როგორც შეხვედრის მონაწილე სხვა კიდევ თორმეტ ყვითელფორმიან ფეხბურთელს ერთი ვარსკვლავი დაუწერა.
მადრიდულმა გამოცემამ თავის მიმოხილვაში ასე დაწერა: „ვილიარეალმა’’ ჩემპიონთა ლიგა მტკივნეული და დაუმსახურებელი წაგებით დაიწყო. „ტოტენჰემი’’ მას არაფრით სჯობდა. ლონდონელებმა მეკარე ლუის ჟუნიორის შეცდომის წყალობით კარში დარტყმის გარეშე გაიმარჯვეს. შოკისმომგვრელი გოლის გაშვების მიუხედავად „ვილიარეალმა’’ ფარ-ხმალი არ დაყარა და სულ მცირე ანგარიშის გათანაბრება შეეძლო. თავისი როლი ითამაშა მსაჯმა ობრენოვიჩმაც, რომელმაც ჩავი სიმონსს მეორე ყვითელი ბარათი არ ამოუღო და აგრეთვე მოედნიდან არ გააძევა ვან დე ვენი, რომელმაც შეხვედრის ბოლოს მეკარესთან პირისპირ შემავალი მიქაუტაძე წააქცია.
Flashscore-მა ქართველ თავდამსხმელს 6.2 ქულა (სასტარტო შემადგენლობის წევრთაგან ბოლოდან მეოთხე), whoscored-მა 6.0 (ბოლოდან მესამე), ხოლო sofascore-მა 6.8 (მეორე საუკეთესო) ქულა დაუწერა.
მატჩის შემდეგ „ვილიარეალის’’ მწვრთნელმა მარსელინომ თქვა: „ორი ეპიზოდი მეტისმეტად აშკარა იყო. ერთი მათგანი უბრალოდ სასამართლო გარჩევას საჭიროებს. მე ყველაფერი მკაფიოდ დავინახე მოედანზე და მერე კიდევ უფრო მკაფიოდ ვიხილე ტელევიზორში. სიმონსმა ჩვენს ფეხბურთელს ბურთზე თამაშის გარეშე დაარტყა ფეხებში. ეს მისი მეორე უხეშობა იყო, თამაშის დამთავრებამდე კი ბევრი წუთი რჩებოდა. მსაჯს აშკარად უიღბლო დღე ჰქონდა. ის საკმაოდ უსახური იყო’’.
იყო ასეთი კითხვაც: თქვენს თავდამსხმელებს რიტმი აკლდათ? მარსელინომ უპასუხა: „ჩვენ რაღაცები შევცვალეთ. აიოზეს ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს, მას პრესეზონის მერე არ უთამაშია. ჟორჟი კი რამდენიმე დღის მოსულია. ეს ხომ პროცესია. თან, ჩვენ ვხვდებოდით გუნდს, რომელმაც პრემიერლიგის ოთხ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. შესაძლოა მეტი მომენტი უნდა შეგვექმნა, მაგრამ მეტოქის ძლიერი მხარეებიც ხომ უნდა გავითვალისწინოთ. ვფიქრობ, შედეგიანობას გავზრდით. დღეს აშკარა საგოლე მომენტები შევქმენით. მთავარი კი სწორედ სახიფათო მომენტების შექმნაა: თუ ქმნი, გოლებიც გაგაქვს’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 07:35ჰოლანდი მანჰატენზე თავისუფლად დადიოდა
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
