ჩემპიონთა ლიგა: ყარაბაღისა და სხვების შესახებ

Home კატეგორიის გარეშე ჩემპიონთა ლიგა: ყარაბაღისა და სხვების შესახებ
ჩემპიონთა ლიგა: ყარაბაღისა და სხვების შესახებ

Madrid, Spain goalkeeper Gerónimo Rulli of Olympique Marseille and Dani Carvajal of Real Madrid C.F. During the UEFA Champions League 2025/26 League...„იუვენტუსისა’’ და „დორტმუნდის’’ გიჟური მეორე ტაიმი… „ყარაბაღის’’ სენსაცია… მბაპეს „მარსელის’’ კარში კვლავ გოლები გააქვს…

ჩემპიონთა ლიგის პირველი დღე ნამდვილად საინტერესო გამოდგა:

ტურინში „ბებერი ქალბატონისა’’ და „დორტმუნდის’’ შეხვედრას დასაქოქად დრო დასჭირდა, მაგრამ დალოდებად ღირდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ გუნდებმა ერთმანეთს ოთხ-ოთხი გოლი გაუტანეს. 86-ე წუთზე სტუმრები 4:2-ს იგებდნენ. მსაჯის წამატებულ წუთებში, 90+4 და 90+6-ზე ტურინელებმა ორი გოლი შეაგდეს.

„ბენფიკას’’ ალბათ ეგონა, რომ ევროპული ლაშქრობის დასაწყებად „ყარაბაღზე’’ უკეთესი მეტოქეს ვერ ინატრებდა, მაგრამ მწარედ შეცდა: შინ 2:3 წააგო. და ეს კიდევ ერთი მიზეზი ქართულ საფეხბურთო სამყაროს, კერძოდ კი ფეხბურთის ფედერაციას დაფიქრებისთვის. იქნებ რაღაცას მაინც არასწორად აკეთებენ? არადა, მე-16 წუთზე ლისაბონელები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ აზერბაიჯანის გუნდმა პირველივე ტაიმში შეამცირა სხვაობა, შესვენების შემდეგ კი კიდევ ორი გაუტანა. ბოლო გოლი მასპინძლების კარში 86-ე წუთზე შევარდა.

„ბილბაო’’ თერთმეტი წელიწადია ჩემპიონთა ლიგაში არ გამოჩენილა და შინ, „სან მამესზე’’ ალბათ უკეთესი შედეგის იმედი ჰქონდა, მაგრამ „არსენალთან’’ 0:2 წააგო. გოლები ლონდონელთა გუნდში შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. თავი ლეონარდო ტროსარისა და გაბრიელ მარტინელის წყვილმა გამოიჩინა. 72-ე წუთზე პირველმა მეორის პასით, ხოლო 87-ეზე მეორემ პირველის პასით გაიტანეს.

რაკი სიტყვამ ლონდონელები მოიტანა… პრემიერლიგის მეჩვიდმეტე გუნდმა „ტოტენჰემ ჰოთსფურმა’’, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ევროპის ლიგის მოგების წყალობით მოხვდა, „ვილიარეალის’’ მეკარის ლუის ჟუნიორის მიერ მე-4 წუთზე დაშვებული უხეში შეცდომით ისარგებლა და 1:0 მოიგო. შეხვედრა სანახავად არ ვარგოდა. 85-ე წუთზე სტუმართა ქართველი თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე მეკარესთან პირისპირ შედიოდა, როდესაც მეტოქემ წააქცია. ბოლო იმედის ჯარიმის მიუხედავად მსაჯმა ლონდონელი ფეხბურთელი არ გააძევა. „სფურზში’’ დებიუტი ჰქონდა ფრანგ კოლო მუანის.

„რეალსა’’ და „მარსელს’’ შორის დაძაბული მატჩი გაიმართა. ამ შეხვედრის ბოლოს გააძევეს მადრიდელთა ვეტერანი დანი კარვახალი, რომელიც „მარსელის’’ მეკარეს ხერონიმო რულის წაეჩხუბა. VAR-მა მიიჩნია, რომ ის გასაძევებელი იყო. საინტერესოა, რომ კარვახალი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო, მაგრამ დაშავებული ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ნაცვლად მე-5 წუთზევე შევიდა მოედანზე. თავიდან „მარსელი’’ იგებდა, მაგრამ მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს. ორივე მარსელელთა ძველმა ნაცნობმა კილიან მბაპემ შეაგდო.

და ბოლოს, დებიუტიც ამას ჰქვია: ბელგიურმა „როიალ უნიონმა’’ ჩემპიონთა ლიგაში პირველად ითამაშა და სტუმრად 3:1 მოუგო „პსვ ეინდჰოვენს’’. ჰოლანდიელებმა 90-ე წუთზეღა შეაგდეს ეგრეთწოდებული პრესტიჟის გოლი.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.