ქართველი გულშემატკივრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოიჩენს თავს ამ სეზონში ხვიჩა კვარაცხელია, ეს კი დიდად არის დამოკიდებული „პარი სენ ჟერმენის’’ გუნდურ თამაშზე. სწორედ ამიტომ იწვევს დიდ ინტერესს პარიზული კლუბის ყველა სიახლე და მისი ამა თუ იმ ფეხბურთელის შესახებ გამოქვეყნებული წერილი. Maxifoot-ში გამოქვეყნდა ბლოგი, რომლის ავტორი რომენ რიგო შეგვახსენებს, რომ გასულ სეზონში ლუის ენრიკემ რიგ მატჩებში უარენ ზაირ-ემერის, ჟოაო ნევეშსა და სენი მაიულუს ამპლუა შეუცვალა ― დაცვაში გაამწესა. ჟურნალისტის აზრით ესპანელმა მწვრთნელმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ სურდა აშრაფ ჰაკიმის ამოსუნთქვის საშუალება ჰქონოდა. მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ ზაფხულში „პარი სენ ჟერმენი’’ აუცილებლად შეიძენდა ნომინალურ მარჯვენა მცველს, მაგრამ ასეთი რამ არ მოხდა.
პირიქით, ლუის ენრიკემ „ეკიპისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში გასაკვირი რამ თქვა: „ერთი წლის წინ, როდესაც ჩემპიონატი დავიწყეთ, უკვე ვიცოდით, რომ რომ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ახალი ფეხბურთელი არ გვჭირდებოდა’’.
ჰაკიმი მართლაც უნიკალურია, მას შეტევაში ჩინებულად ეხერხება თამაში და მწვრთნელს ტაქტიკური მრავალფეროვნების შესაძლებლობას აძლევს. როდესაც ზაირ-ემერი ან ნევეში მის ნაცვლად თამაშობენ, ისინი კლასიკური მარჯვენა მცველის პოზიციას მხოლოდ დაცვის ფაზაში ასრულებენ. საკმარისია გუნდმა შეტევა წამოიწყოს, რომ ერთიც და მეორეც დროის 70%-ს მოედნის შუაში, თავიანთ ჩვეულ ამპლუაში ატარებენ. როგორც თავად ფეხბურთელები კულისებს მიღმა ამბობენ, ასე მოთამაშე გუნდი უფრო ამოუცნობი ხდება.
თუმცა, ამ ზაფხულს პსჟ-მ დაცვა მაინც გააძლიერა — უკრაინელი ილია ზაბარნი იყიდა. ზაბარნი ცენტრალური მცველია. ის სიმაღლით 189 სანტიმეტრია და ბუნებრივია, ჩაწოდებულ ბურთებზე და სტანდარტული სიტუაციების დროს გუნდს დიდად დაეხმარება. გარდა ამისა, მას, მარკინიოსის მსგავსად მარჯვენა ფრთის დაზღვევა ეხერხება.
ლუის ენრიკეს სჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთი კომფორტის ზონიდან გამოსვლის ხარჯზე გუნდის საქმეს გააკეთებენ.
„თუ ფეხბურთელი დაიჩივლებს, რომ ის, რაც მწვრთნელმა შესთავაზა მისი პოზიცია არ არის, სათადარიგოთა სკამზე მოუწევს გადაბარგება. ასეთებს ლუის ენრიკე მარტივად ეუბნება: გმადლობთ! კარგად ბრძანდებოდეთ!’’
აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ „პარი სენ ჟერმენმა’’ ნომინალური მარჯვენა მცველი არ იყიდა, ნიშნავს იმას, რომ გუნდი ახალ სეზონშიც მრავალფეროვან ტაქტიკურ სქემებს შემოგვთავაზებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
მთავარი ამბავი02/08/2026 | 09:19ალეგრი: რა მშვენიერი სიტყვაა ჩემპიონთა ლიგა
