სანაკრებო კვირეული დამთავრდა, ყურადღების ცენტრში კვლავ კლუბები მოექცნენ. „ბარსელონასა’’ და განახლებული „კამპ ნოუს’’ ურთიერთობა კი სატირიდან ლამისაა კომედიად იქცეს. ჰანსი ფლიკის გუნდმა, რომელსაც 9 შესაძლებლიდან 7 ქულა აქვს, მეოთხე ტურში „ვალენსიას’’ უნდა უმასპინძლოს. კატალონიელებს კარგა ხნის წინ ჰქონდათ გამოცხადებული, რომ ეს იქნებოდა მატჩი, რომელშიც „ბლაუგრანა’’ თავის ლეგენდარულ სტადიონს დაუბრუნდებოდა. ლაპარაკი იყო მაყურებლის შეზღუდული რაოდენობით შეშვებაზე, მაგრამ თარიღს თითქოს წყალი არ უნდა გასვლოდა, მაგრამ ისევე როგორც ბევრი წინა გეგმა, ესეც ჩაფლავდა. ტექნიკური დაბრკოლებები და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ლიცენზიის გამო დავა მატჩის „კამპ ნოუზე’’ ჩატარების საშუალებას არ იძლევა. ამიტომ, ხვალ, 14 სექტემბერს, „ბარსასა’’ და გიორგი მამარდაშვილის ყოფილი გუნდის „ვალენსიას’’ შეხვედრა იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
გახსნის მორიგი გადადების გამო ლა ლიგამ „ბარსელონას’’ სთხოვა ახლავე მკაფიოდ თქვას, სად უმასპინძლებს 21 სექტემბერს „ხეტაფეს’’. თუ ჟოან ლაპორტა ზემოთ ხსენებულ პრობლემებს მოაგვარებს, წესით გახსნის თამაში სწორედ ეს უნდა იყოს, მაგრამ ესპანურ პრესას ამის მაინცდამაინც არ სჯერა. „მუნდო დეპორტივო’’ წერს, რომ დიდი ალბათობით „ხეტაფესთან’’ შეხვედრა კვლავ „კრუიფზე’’ გაიმართება. წესით ამ დღეს ხსენებულ სტადიონზე „ბარსა ატლეტიკს’’ „კასტელონ B’’-თვის უნდა ემასპინძლა, მაგრამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ სეგუნდა RFEF-ის მესამე ჯგუფი-ის მატჩი 24 საათით გადადო.
ამასობაში უეფაც დაინტერესდა, თუ სად უნდა უმასპინძლოს „ბარსელონამ’’ მეტოქეებს ჩემპიონთა ლიგის ფორმატში, მრავალტანჯულ „კამპ ნოუზე’’ თუ სადმე სხვაგან. 1 ოქტომბერს კატალონიის დედაქალაქში ლიგის მოქმედი გამარჯვებული, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენი’’ ჩადის ანუ დიდი მატჩია, მაგრამ ვითარებაა ბუნდოვანი. ესპანელები წერენ, რომ „ბარსელონას’’ დირექტორატი შეეცდება დარჩენილ დროში დაგროვილ კითხვებს პასუხი გასცეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
