იტალია მაინც 16 ნოემბერზე ფიქრობს

Home კატეგორიის გარეშე იტალია მაინც 16 ნოემბერზე ფიქრობს
იტალია მაინც 16 ნოემბერზე ფიქრობს

Head coach of Italy Gennaro Gattuso reacts during the FIFA World Cup 2026 qualifier match between Israel and Italy at Nagyerdei Stadion on September...უნგრეთის ქალაქ დებრეცენში ისრაელმა იტალიას უმასპენძლა და 4:5 წააგო. თამაშის ბედი სანდრო ტონალიმ 90+1 წუთზე გადაწყვიტა. ეს იყო ნამდვილი ტრილერი, რომლის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა: მე-16 წუთზე მანუელ ლოკატელიმ თავის კარში შეაგდო, მე-40 წუთზე კინმა გაათანაბრა. შესვენების შემდეგ დორ პერეცმა ისევ ისრაელი გაიყვანა წინ. ორ წუთში კვლავ კინმა გაქვითა, ამ გოლიდან 6 წუთში კი მატეო პოლიტანომ იტალია დააწინაურა. 81-ე წუთზე ჯაკომო რასპადორიმ „სკუადრა აძურას’’ სასარგებლოდ კიდევ ერთი გოლი შეაგდო, რასაც 87-ე წუთზე იტალიელთა მორიგი ავტოგოლი (ალესანდრო ბასტონი) და 89-ზე მორიგი შედეგიანი დარტყმა მოჰყვა. ხოლო როდესაც თამაში ყველას დამთავრებული ეგონა, უკვე ნახსენებმა ნიუკასლელმა ტონალიმ გამარჯვებისა შეაგდო.

„ეს იყო გამარჯვება, რომელმაც ისრაელის, ესტონეთისა და მოლდოვას მიმართ პატივისცემის მიუხედავად (ამ გუნდებს იტალია კიდევ უნდა შეხვდეს) ნოემბრამდე მეორე ადგილი დაგვიბევა, 16 ნოემბერს, შესარჩევის ბოლო შეხვედრაში კი პირველი ადგილის ბედი ნორვეგიასთან უნდა გავარკვიოთ’’, ― დაწერა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა სანდრო საბატინიმ. მისი აზრით დებრეცენული 5:4 ისტორიაში შევა, მაგრამ სტატისტიკის გამო, თორემ საკუთრივ მატჩი იტალიის ნაკრებისთვის იყო შიშისა და დაცვაში უხეში შეცდომების თამაში.

საბატინის თქმით ჯანლუიჯი დონარუმა საკუთარ თავში დარწმუნებული არც ფეხით თამაშის დროს იყო და არც ხელით თამაშის დროს. მცველთაგან კეთილი სიტყვა ჟურნალისტმა მხოლოდ ჯანლუკა მანჩინისთვის გაიმეტა, ნახევარმცველთაგან კი ტონალისთვის. კიდევ, საბატინის ყურადღება პოლიტანომ მიიპყრო, რომელიც ესტონეთთან შეუჩერებელი იყო, ისრაელთან კი შენელდა და დამძიმდა.

სამაგიეროდ, წერილის ავტორი აღფრთოვანებულია კინით, რომელზეც წერს, რომ ეს იტალიაში დაბადებულ-გაზრდილი წარმოშობით კოტ დ’ივუარელი 25 წლის ფორვარდი რაც დრო გადის მით უფრო უტოლდება ევროპის საუკეთესო თავდამსხმელებს. მატეო რეტეგის კი ის თავდადებას უწონებს და ამბობს, რომ ცალკეულ ეპიზოდებში საუდეთში გადახვეწილი ფეხბურთელი ფორვარდისთვის უჩვეულო თვისებას ამჟღავნებს, კარში დარტყმის ნაცვლად პასს აწვდის.

საბოლოოდ, საბატინის აზრით ისრაელთან შეხვედრა სავსე იყო შეცდომებით, უზუსტობებითა და ნაკლით, მაგრამ ის მოგებით დასრულდა და ეს ძალიან კარგი იყო.

იტალიის ნაკრების მწვრთნელი ჯენარო გატუზო: „გიჟური დღე იყო. მეტოქემ გაგვაკვირვა. ყოველთვის როდესაც წინ მივდიოდით, სახიფათო კონტრშეტევას გვიწყობდა. ჩვენს თამაშს კი დიდებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. ძალიან მყიფეები ვყოფილვართ და ეს გამოსასწორებელია. ეს ჩემი პრობლემაა, ბიჭების კი არა. რამდენიმე წარმოუდგენელი გოლი გავუშვით. თუმცა, მომწონს, რომ გულით ვითამაშეთ. მადლობა ფეხბურთელებს’’.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.