საფრანგეთში სტარტი რაგბის ჩემპიონატის მთავარმა ლიგა ტოპ 14-მა აიღო. მოგეხსენებათ, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სარაგბო ლიგის კლუბებში 50-მდე ქართველი ირიცხება და ცხადია, ჩვენი ყურადღების ცენტრშიც ისინი იქნებიან. პარალელურად, უფრო მრავალქართველიან პრო დ2-ში უწარმატებულესი პირველი ტურის შემდეგ მეორე ტურიც შედგა.
ტოპ 14
სეზონის სტარტი ინდივიდუალური თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული ბორჯღალოსან ბურჯ გიორგი ახალაძეს გამოუვიდა. მისმა „კლერმონმა“ შინ „ტულუზს“ უმასპინძლა და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან 24:34 დამარცხდა. ახალაძე თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო და 8 წუთის შემდეგ ლელო გაიტანა, რომლის გარდასახვის შედეგად თამაშის ანგარიში გათანაბრდა – 24:24, თუმცა ობიექტურად უფრო ძლიერმა ტულუზელებმა დარჩენილ 25 წუთში 10უპასუხო ქულა კი დააგროვეს. გიორგიმ კი, ტოპ 14-ში გამართულ მე-20 მატჩში მე-3 ლელო მიითვალა.
„მონპელიეც“ შინ დამარცხდა – „ტულონთან“ 17:27. მასპინძელთა რიგებში მეორე ტაიმი სრულად ჩაატარეს ნიკა აბულაძემ და ლუკა ჯაფარიძემ, ხოლო სტუმართა სასტარტოში ბექა გიგაშვილი თამაშობდა, რომელმაც პირიქით, პირველი ტაიმი გაატარა მინდორზე. თუმცა, მის ნაცვლად თამაშში ჩართულმა რუსეთის ნაკრების ბურჯმა ნიკა ნარმანიამ 20 წუთში ტრავმა მიიღო და ბექას დაბრუნებამ მოუწია, 10 წუთში კი გიგაშვილი სინბინში აღმოჩნდა და თამაშის ბოლომდეც იუქმა.
„სტად ფრანსემ“ შინ ლიგიში დაბრუნებულ „მონტობანს“ ბონუსით – 47:24 მოუგო და გიორგი მელიქიძე პარიზელებს ბოლო 28 წუთში სოლიდური თამაშით შეეწია.
„პო“ კასტრში საოცრად ძლიერად წარსდგა და 17:15 იმარჯვა. ბასკთა კაპიტანმა ბექა გორგაძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და აშკარად გამორჩეული იყო, ხოლო გურამ პაპიძე შეცვლაზე 55-ეზე შევიდა.
„ლიონმა“ „რასინგ-92“-ს უმასპინძლა და უშანსოდ გამოაბრუნა დედაქალაქში – 32:7. ბორჯღალოსანთა კაპიტანი ბექა საღინაძე თამაშში 50-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო სტუმართა ბურჯმა გურამ გოგიჩაშვილმა პირველი ტაიმი ხომ ითამაშა, 63-ეზე კი თავის ტრავმირებულ შემცვლელს ჩაენაცვლა.
სანდრო ქუნთელია „ლა როშელის“ სასტარტოში გამოჩნდა, 54 წუთიც ითამაშა და თავის გუნდს ევროპის საკლუბო ჩემპიონ „ბორდოსთან“ სტუმრობის ბონუსით დასრულებაში დაეხმარა – 18:23.
პრო დ2
პირველ ტურში 7 ქართული ლელო დაფიქსირდა, მეორეში კი – ერთადერთი. „ორიაკის“ და საქართველოს ნაკრების ფულბექმა დაჩი პაპუნაშვილმა მრისხანე „გრენობლს“ მისივე „ალპურ სტადიონზე“ მეტად ეფექტური ლელო გაუტანა – მრავალფაზიანი შეტევა დაცვის გარღრვევით დააგვირგვინა. ეს იყო დაჩის მეორე ლელო ახალი სეზონის მეორე მატჩში და უნდა ითქვას, რომ პაპუნაშვილს პრო დ2-ის 24 მატჩში სულ 3 ლელო გაუტანია და 2 მათგანი – ბოლო 2 კვირაში.
საბოლოოდ, „ორიაკი“ დამარცხდა – „გრენობლმა“ ბონუსით – 38:16 იმარჯვა, მაგრამ დაჩი პაპუნაშვილი ერთადერთი იყო ორიაკელთაგან, ვინც იმ დღეს ქულები აგროვა + თავისივე ლელო ხომ გარდასახა და გარდა ამისა, 3 საჯარიმო დარტყმაც მიითვალა და 16 ქულასაც მოუყარა თავი. მარცხის მიუხედავად, ეს იყო დაჩის საუკეთესო თამაში პრო დ2-ში.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 14:01კაპიტნები, დებიუტანტები, ლელოები…
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 23:08შოკი შვანგირაძისგან
რაგბი05/09/2026 | 13:33ევროპის ტოპ-ლიგაში 42 ქართველია
აქეთურ-იქითური29/08/2026 | 20:22ტური 6 დებიუტით
