მოგეხსენებათ, „პარი სენ ჟერმენმა’’ იტალიელ ჯანლუიჯი დონარუმასთან დამშვიდობება გადაწყვიტა. მეკარეს, რომელიც გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო, მოკლე ხანში მომხდართან შეგუება და იმავდროულად ახალი კლუბის ძებნა მოუხდა. ეს პროცესი ახლაც გრძელდება.
პირველი დღიდან მოყოლებული დონარუმას სახელს ყველაზე მეტად ინგლისურ კლუბებთან აკავშირებდნენ. იწერებოდა, რომ მისი მახასიათებლების მქონე გოლკიპერი ყველაზე მეტად „მანჩესტერ სიტის’’ სჭირდება, მაგრამ, როგორც გაირკვა, პეპ გვარდიოლას იტალიელის ყიდვამდე სურს მისმა ახლანდელმა კარის მცველმა ედერსონმა დატოვოს კლუბი და მხოლოდ ამის შემდეგ აპირებს მიმართოს პსჟ-ს ოფიციალური წინადადებით.
თავის მხრივ ედერსონის ყიდვა სტამბოლის „გალათასარაის’’ სურს, მაგრამ თურქები „ქალაქელებთან’’ ფასზე ვერ თანხმდებიან, შექმნილი მდგომარეობით კი… დიდი შანსია მანჩესტერის მეორე კლუბმა, „იუნაიტედმა’’ ისარგებლოს. წარსულში ცნობილი ნორვეგიელი ფეხბურთელის, ამჟამად საფეხბურთო მიმომხილველის, ანალიტიკოსისა და ტელეწამყვანის იან აგე ფიორტოფტის ინფორმაციით „იუნაიტედს’’ დონარუმას გადაბირება ძალიან უნდა, მაგრამ მეზობლებისა არ იყოს, მასაც ურჩევნია ჯერ მოქმედი მეკარე მოიშოროს თავიდან.
„პარი სენ ჟერმენთან’’ დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს იტალიელის სანაცვლოდ 20-დან 30 მილიონამდე ევროს მიღება სურს. ეს ის თანხაა, რომლის გადახდა „სიტისაც’’ შეუძლია და „იუნაიტედსაც’’. წერენ, რომ დონარუმა ერთგანაც ულაპარაკოდ მთავარი მეკარე იქნება და მეორეგანაც, მაგრამ არის დიდი განსხვავება და ის ამ ორი კლუბის ამბიციებშია.
და ბოლოს, ადრეც ვამბობდით, რომ დონარუმას პარიზელ გულშემატკივართან გულითადი გამომშვიდობება უნდა. ვარაუდობენ, რომ „პარი სენ ჟერმენი’’ მას ამის შესაძლებლობას მისცემს, თუმცა დაზუსტებით ჯერ არაფერია ცნობილი. პარასკევ საღამოს პსჟ „ანჟეს’’ მასპინძლობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 08:55ლუის ენრიკე: შესვენებისას ოქროს ბურთზე უნდა გველაპარაკა?
მთავარი ამბავი25/08/2026 | 07:37ჩეფერინი თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს
სიახლეები24/08/2026 | 10:55მიქაუტაძე ატლეტიკოსთანაც საუკეთესო იყო
აქეთურ-იქითური24/08/2026 | 09:52როგორ ითამაშა ფრანგული საიტის აზრით კვარაცხელიას ახალმა კონკურენტმა?
