მეორე მოგება ერთ კვირაში თავმოყვარეობის გამო

Home კატეგორიის გარეშე მეორე მოგება ერთ კვირაში თავმოყვარეობის გამო
მეორე მოგება ერთ კვირაში თავმოყვარეობის გამო

Vitinha, voted man of the match, gave Paris the victory. Philippe Lecoeur/FEP/Icon Sport)„პარი სენ ჟერმენს’’ კარგი დღე ჰქონდა ― ნანტში ვიტინიას გოლით 1:0 მოიგო. პირველ ტურში ლიგა 1-ის წამყვანი გუნდებიდან მხოლოდ „მარსელმა’’ წააგო. ის სტუმრად „რენთან’’ თამაშობდა. „პარიზიენი’’ წერს, რომ ერთ კვირაში ლუის ენრიკეს გუნდი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა უკვე მეორედ გადაარჩინეს.

მართალია გოლის ავტორი ვიტინია თავიდანვე მინდორზე იყო, მაგრამ პსჟ მანამ ვერ გამოფხიზლდა, სანამ საქმეში ჯირითადი შემადგენლობის განაპირა მცველები და სამი წამყვანი თავდამსხმელიდან ორნი არ ჩაერთნენ. გასულ სეზონში პარიზელებმა „ნანტთან’’ ორჯერ 1:1 ითამაშეს, კვირას კი გამოჩნდა, რომ ახალ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონი ფორმაში შესვლამდევე სჯობია მოწინააღმდეგეს.

„პარიზიენს’’ უხარია, რომ როგორც „ტოტენჰემთან’’ სუპერთასზე ასევე „ნანტთან’’ ლიგა 1-ის შეხვედრაში მკაფიოდ გამოჩნდა პსჟ-ს მოთამაშეების საჩემპიონო ამბიცია და სიამაყე. ახალი სეზონის პირველ ორ შეხვედრაში მათ მხოლოდ იმიტომ გაიმარჯვეს, რომ თავს დამარცხების უფლება არ მისცეს, თორემ ათი დღის შეკრებილები ჯერ აშკარად ვერ თამაშობენ კარგად.

ზემოხსენებული გაზეთი ერთგვარი ირონიით წერს, რომ „ყვითელი კედელი’’ „დორტმუნდის’’ გულშემატკივართა კონცეპციაა, რომელიც როგორც ჩანს „ნანტმა’’ გადაიღო, ოღონდ ტრიბუნაზე კი არა – მოედანზე. გასაგებად რომ ვთქვათ, „პარიზიენი’’ ნანტელებს შვიდი კაცით დაცვაში ჩაჯდომის გამო კენწლავს. მასპინძლებმა სტუმრებს, რომლებისგანაც ჩვეულ ფეხბურთს სავარაუდოდ სექტემბრის შუამდე არ უნდა ველოდოთ, ერთადერთი რაც შესთავაზეს, თავიანთ საჯარიმოსთან „ავტობუსის ჩაყენება’’ იყო. ასეთ დაცვის ხაზში ნაპრალის პოვნა კი თივის ზვინში ნემსის პოვნის მსგავსი ამოცანააო, განმარტავს გაზეთი.

„პარიზიენის’’ აზრით გასაკვირი იყო, რომ ბარკოლამ ვერ ისარგებლა კონკურენტების ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს სათადარიგოთა სკამზე ჯდომით და მწვრთნელისთვის თავის მოსაწონებლად გოლი ვერ გაიტანა. არადა, ვერ იტყვი, რომ მას რომელიმე ნანტელი მუდმივად აკრული ჰყავდა და გასაქანს არ აძლევდა. ბარკოლამ მასპინძელთა დაცვა ვერაფრით შეაწუხა, გეგონება კრეატიულობა დაკარგაო, წერს გაზეთი, რომელიც შემდეგ გონსალო რამუშსაც გადაწვდა და აღნიშნა, რომ ოსმან დემბელეს არყოფნით პორტუგალიელმაც ვერ ისარგებლა.

ასეთ ვითარებაში, მდგომარეობის გამოსასწორებლად ლუის ენრიკემ მე-60 წუთზე ოთხი ფეხბურთელი შეცვალა ― მოედანზე ჰაკიმი, მენდეში, დუე და დემბელე შეუშვა, რომელთაც ერთი ტრიბუნის გარდა მთელმა „სტად დე ლა ბოჟუარმა’’ ტაში დაუკრა. იმ ერთ ტრიბუნაზე „ნანტის’’ ულტრასები ისხდნენ.

ოთხეულის შესვლიდან ვიტინიას გოლამდე კი მხოლოდ 6 წუთი გავიდა და ამ 6 წუთის განმავლობაში ბრეტონელების კარზე ზეწოლა იზრდებოდა. მასპინძლებს განსაკუთრებით მარცხენა ფრთაზე უჭირდათ, საიდანაც მათ „ოქროს ბურთის’’ ორი პრეტენდენტის ჰაკიმისა და დემბელეს წყვილი უტევდა. რომელი გახდება ამ ორიდან „ფრანს ფუტბოლის” ლაურეატი, სექტემბერში გავიგებთ.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.