მოგება, წაგება და ფრე აფრიკიდან

Home კატეგორიის გარეშე მოგება, წაგება და ფრე აფრიკიდან
მოგება, წაგება და ფრე აფრიკიდან

საქართველოს 18 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთაფრიკული ტურნე ოფიციალური სახელწოდებით „18-წლამდელთა საერთაშორისო სერია“ ირლანდიის ნაკრებთან ზავით დაასრულა – 13:13.

ზურაბ ამონაშვილის გუნდმა დასკვნითი მატჩი სამხრეთ აფრიკის ქალაქ პაარლში წვიმასა და აზელილ გაზონზე ირლანდიასთან პირველი ტაიმი უქულოდ დაასრულა, მეტოქეს ორი ლელო დაადებინა (ორივე გარდაუსახავი დარჩა) და შესვევნებაზე 10-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა – 0:10.

მეორე ტაიმი კი, ნორჩმა ბორჯღალოსნებმა უფრო მობილიზებულად ჩაატარეს, 13:3 მოიგეს, ჯამური ანგარიში გაათანაბრეს და ბოლო შეტევაში რომ ეყოჩაღათ, მოიგებდნენ კიდეც, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ბურთი დაკარგეს და ქანცგაწყვეტილმა ირლანდიელებმა ბურთი სასწრაფოდ გადააგდეს მოედნის ფარგლებს გარეთ, ანუ ფრეს სიხარულით დაყაბულდნენ.

ამრიგად, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო სერია ერთი გამარჯვებით, ერთი მარცხითა და ამ ხსენებული ფრით დაასრულა.

შეხსენებისთვის, სერიის სტარტზე ამონაშვილის ბიჭებმა ნამდვილი ფურორი მოახდინეს, დაამარცხეს რა ინგლისის 18-წლამდელები – 35:31. თუმცა, მომდევნო დაპირისპირებაში ნორჩ ქართველებს ციდან მიწაზე დაბრუნებამ მოუწიათ – მასპინძელმა სამხრეთაფრიკელებმა ჩვენი გუნდი უშანსოდ, დიდი ანგარიშით დაამარცხეს – 57:19.

შემოდგომაზე კი საქართველოს 18-წლანდელებს ევროპის ჩემპიონატი ელით, რომელიც მათ, რამდენჯერმე აქვთ მოგებული.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.