საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 19 ივლისს „მსოფლიო რაგბის“ ჩემპიონატის მე-9 ადგილისთვის პლეი-ოფის ფინალში ითამაშებს. ორშაბათს პატარა ბორჯღალოსნები აღნიშნული სტადიის ნახევარფინალში ესპანელებს დაუპირისპირდნენ და დიდი სხვაობითაც დაამარცხეს – 43:12.
ლადო კილასონიას ყოჩაღმა ბიჭებმა მეტოქეს 7 ლელო გაუტანეს, რომელთაგან სამი საკუთარ ანგარიშზე მიხეილ შიოშვილმა ჩაიწერა. „ტულონის“ ზორბა 8 ნომერი მთელი ტურნირის განმავლობაში გამოირჩევა თანაგუნდელებს შორის, მისი ფიზიკური მონაცემები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, მაგრამ ეს ჭაბუკი ამასთან ჭკვიანიც და ტექნიკურიცაა, ანუ მას ყველა მონაცემი აქვს იმისა, რომ დიდი რაგბი ითამაშოს. შიოშვილის სამივე ლელო ეფექტური გამოდგა, მესამე კი მან მეორე ცდით გაიტანა. 74-ე წუთზე უმცროსი ბორჯღალოსნების შეტევა სწორედ მიშამ დააგვირგვინა, მაგრამ ბოლო ფაზაში მას ბურთი ხელიდან გაუვარდა, გუნდმა დამახსოვრებული ჯარიმა გაითამაშა და შიოშვილმა თავისი მესამე ლელო მაინც დადო.
კიდევ ორი ლელო გარემარბმა სანდრო მესხიძემ გაიტანა, თითოჯერ კი თავი მესამეხაზელმა გიორგი არძენაძემ და შუამარბმა ნუგზარ ქევშიშვილმა გამოიჩინეს. 7 ლელოდან მხოლოდ 4-ის გარდასახვა მოხერხდა და ასე შედგა ქართული 43 ქულა.
რაც შეეხება ესპანელებს, მათ იბრძოლეს, იომეს, თუმცა, ქართველები რაგბს უფრო მაღალ დონეზე თამაშობენ და ესპანეთი სარაგბო საზომებით საქართველოზე გაცილებით პატარაა. ესაა და ეს.
ფინალი 19 ივლისსაა, მეტოქე კი ირლანდიელი და შოტლანდიელი 20-წლამდელების ჯახში გამოვლინდება.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 20:29კაპიტან გორგაძის 20
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 16:01მატკავას ქულები და 7 ლელო
აქეთურ-იქითური21/10/2026 | 21:49ბრონკანის სანოემბრო 36
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:43ნინი, გელა და მატკავა-შოუ
