ნიკა ამაშუკელი – ჩემპიონთა თასის ფინალის რეფერი!

Home კატეგორიის გარეშე ნიკა ამაშუკელი – ჩემპიონთა თასის ფინალის რეფერი!
ნიკა ამაშუკელი – ჩემპიონთა თასის ფინალის რეფერი!

ამასაც ვეღირსეთ! ათიოდე წლის წინათ ვერც წარმოვიდგენდით, რომ ქართული რაგბი ასეთ აღიარებას ეღირსებოდა, თუმცა რეალობა ისაა, რომ ნიკა ამაშუკელი პირველი ქართველი სარაგბო მსაჯია, რომელიც ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის ფინალს რეფერის რანგში მოემსახურება.

პრინციპში, ამ ახალგაზრდა კაცის მიზანდასახულმა შრომამ, რაგბის სიღრმისეულმა ცოდნამ, განვითარების საოცარმა უნარმა და ამ თამაშის უსაზღვრო, ფანატიკურმა სიყვარულმა თავიდანვე ცხადჰყო, რომ ადრე თუ გვიან ის სარაგბო ცის კაბადონიდან არაერთ ვარსკვლავს მოწყვეტდა.

თანდათან ნიკა გაუშინაურდა მსოფლიო რაგბის სამსაჯო კორპუსის ელიტას, იმსაჯა მსოფლიოში ყველა არსებულ უდიდეს ტურნირზე და მისმა მაღალმა კვალიფიკაციამ გავლენა მსაჯთა კორპუსის კოორდინატორებსა და სელექციონერებზე აბსოლუტურად დადებითი გავლენა მოახდინა.

დღეს ნიკა ამაშუკელი არა ახალგაზრდა და იმედისმომცემი სარაგბო მსაჯია, არამედ ერთ-ერთი გამორჩეული რეფერია მსოფლიოს მასშტაბით და ჩემპიონთა თასის ფინალზე მთავარ არბიტრად მისი დანიშვნა აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილებაა, თუმცა ქართველებისთვის – მოულოდნელი, ამაღელვებელი და საამაყოც კი.

ამრიგად, 24 მაისს, კარდიფში, ლეგენდარულ და ქართველებისთვის იღბლიან „მილენიუმზე“, რომლის დღევანდელი კომერციული სახელწოდაბა „პრინსიპალიტი“ გახლავთ, ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი იმსაჯებს ევროპული რაგბის ჩემპიონთა თასის ფინალს ფრანგული „ბორდოსა“ და ინგლისური „ნორთჰემპტონის“ მონაწილეობით და ამით ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი საამაყო გვერდი ჩაიწერება.

ამ უმნიშვნელოვანეს და მეტად საპასუხისმგებლო დღეს ნიკას ასისტენტობას გაუწევენ ძალიან ავტორიტეტული მსაჯები – ირლანდიელი ენდრიუ ბრეისი და იტალიელი ანდრეა პიარდი, რომელიც, სხვათა შორის ბორჯღალოსნებს ერთ-ერთ საზაფხულო ტესტ-მატჩში უმსაჯებს. ვიდეორეფერი კი სამხრეთაფრიკელი მარიუს იონკერი იქნება.

აქვე ბარემ ჩელენჯ თასზეც ვთქვათ, სადაც ინგლისური „ბათი“ ფრანგულ „ლიონს“ დაუპირისპირდება, რომლის შემადგენლობაში არაერთი ბორჯღალოსანი თამაშობს. ამ თამაშს, ევროთასების ისტორიაში პირველად… ქალი რეფერი განსჯის – იმავე „პრინსიპალიტიზე“, ჩემპიონთა თასის ფინალამდე ჩელენჯ თასის გადამწყვეტი მატჩიც გაიმართება და მას გაუძღვება შოტლანდიელი ჰოლი დევიდსონი, რომელსაც კიდეებზე დაეხმარებიან იტალიელი ჯანლუკა ნიეკი და ირლანდიელი იოგან ქროსი. ვიდეორეფერი – ჰოლის თანამემამულე მაიკ ადამსონი.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.