ტური 6 დებიუტით

ტური 6 დებიუტით

ახალი სარაგბო სეზონის სტარტი საფრანგეთში შედგა, სადაც პრო დ2-ის პირველი ტურის მატჩები გაიმართა.

როგორც წინასასეზონო მიმოხილვაში ვიუწყებოდით, ამ ლიგის კლუბებში ხუთ ათეულზე მეტი ქართველი ირიცხება, თუმცა, ცხადია,

მათი დიდი ნაწილი ახალგაზრდული ასაკისაა და კლუბთა ესპუარების გუნდებში ასპარეზობს. ამიტომაც იყო, რომ სეზონის სტარტზე ზუსტად 20 ქართველი ლეგიონერი დასაქმდა. ამ 20-დან კი 6 მორაგბეს ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა.

„ბიარიცმა“ ლიგის ახალბედა „ნიცას“ ბონუსით, 36:5 სძლია და „შავი ლომის“ ყოფილ ბურჯ კახაბერ დარბაიძეს  ბასკურ გუნდში დებიუტთთან ერთად ზოგადად ფრანგული დებიუტი ჰქონდა.

„ანგულემმა“ მრისხანე „კოლომიეს“ 38:26 მოუგო და ამ გამარჯვებაში 80-წუთიანი წვლილი ბორჯღალოსანმა მეორეხაზელმა გიორგი ჯავახიამ დაიდო. ასევე ბორჯღალოსანმა ბურჯმა მამუკა მსტოიანმა კი კოლომიელთა შორის სადებიუტო მატჩში პირველიდან 55-ე წუთამდე იასპარეზა.

„ბეზიეშუ“ ერთბაშად ორი ქართველის დებიუტი შედგა: ბორჯღალოსანი ლუკა გოგინავა და მისი სეხნია აზარიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და „ოიონაქსთან“ 21:31 წაგებულ საშინაო მატჩში შესაბამისად 62 და 51 წუთი ითამაშეს.

„გრენობლმა“ „ორიაკს“ ბონუსით, 57:33 სძლია, სტუმართა შორის კი ერთბაშად 6 ქართველი მორაგბე იყო, რომელთაგან ერთ-ერთს დებიუტი ჰქონდა. გამოცდილი ბურჯი ლაშა ტაბიძე ორიაკელთა სასტარტოში იყო და 53-ე წუთამდე ითამაშა. ერთიც: თედო აბჟანდაძემ 80-ვე წუთი თავისთვის უჩვეულო, ფულლბექის პოზიციაზე გაატარა.

ეს რაც შეეხებოდა დებიუტანტებს. „ნევერმა“ კი ტოპ 14-დან ჩამოქვეითებულ „მონტობანთან“ შინ 21:25 წააგო და სანუგეშო ბონუსს დასჯერდა. მასპინძელთა ბორჯღალოსანმა მესამეხაზელმა რატი ზაზაძემ პირველი ტაიმის მიწურულს ყვითელი ბარათი მიიღო და თამაშში აღარც დაბრუნებულა.

კოტე მიქაუტაძის „ბრივმა“ მძიმე მატჩში“ილია სპანდერაშვილის „ვალანს რომანი“ 23:21 დაამარცხა და სტუმრებს ნუგეშ-ქულა გაატანა.

„დაქსმა“ ლიგის დებიუტანტ „ნარბონს“ სირცხვილი აჭამა – 57:19, ხოლო „პროვანსმა“ თორნიკე ჯალაღონიას გარეშე „აჟენს“ ოდნავ ნაკლები სხვაობით სძლია – 44:10.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.