მოურინიუ: ალავესის მწვრთნელი უნდა გაეგდოთ!

მოურინიუ: ალავესის მწვრთნელი უნდა გაეგდოთ!

„რეალმა“ შინ წააგო „ალავესთან“. ეს გახლდათ ჟოზე მოურინიუსა და მისი გუნდისთვის მძიმე საღამო. „ლოს ბლანკოსმა“ მიჯრით ცხრა გამარჯვებას მეათე ვეღარ მიამატა. მეტიც, დამარცხდა. სტატისტიკოსები წერენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში მადრიდელები 2020/11 წლების სეზონის შემდეგ ლა ლიგის სეზონს ზედიზედ 7 საშინაო გამარჯვებით დაიწყებდნენ.

მატჩის შემდეგ დამარცხებულთა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ ბრაზი მსაჯებს დაატეხა.  ის რომ არბიტრებზე აღრენილი იყო პირველ ტაიმშივე გამოჩნდა. მან სესარ სოტო გარდოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება ემოციურად გააპროტესტა, რისთვისაც ყვითელი ბარათით დაისაჯა. შემდეგ იყო და მეოთხე მსაჯთან ფიცხი კამათი ატეხა. ამჯერად მისი გამორიდება ედერ მილიტაოსა და ანტონიო რუდიგერს მოუხდათ. მატჩის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე კი პორტუგალიელმა მიკროფონები იხელთა სულ ცეცხლები ყარა.

თამაშის მიწურულს, 88-ე წუთზე იყო ეპიზოდი, როდესაც სოტო გარდომ ბელინგემის წაქცევისთვის „რეალის“ სასარგებლოდ პენალტი დანიშნა. მადრიდელებს გოლი რომ გაეტანათ ანგარიშს გაათანაბრებდნენ, მაგრამ VAR-მა მსაჯს მომხდარის მონიტორზე ნახვა ურჩია, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა თერთმეტმეტრიანი გააუქმა და ინგლისელ ვარსკვლავს სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი ამოუღო.

„სათადარიგოთა სკამიდან პენალტზე კატეგორიულად ლაპარაკი ძნელია, მაგრამ თამაშის მერე ჯუდმა მითხრა, რომ წააქციეს, ხოლო როდესაც ფეხბურთელი ასე გეუბნება, უნდა დავიჯერო“, – თქვა „განსაკუთრებულმა“.

შემდეგ მოურინიუმ სოტო გარდოს კრიტიკა დაიწყო. მან თქვა, რომ ეს მსაჯი სულ „რეალის“ ფეხბურთელებს აგდებს:

„ორი სეზონის წინ მან მბაპე გააგდო, გასულ სეზონში ვინისიუსი, ახლა კი ბელინგემი. ვნახოთ, იქნებ მომდევნო სეზონში კურტუა გააძევოს. ჩემი აზრით ამ კაცს თავისი ძალაუფლების დემონსტრაცია უყვარს. მას უნდა გვაჩვენოს, რომ ფენომენია. სულ ეს არის!“

ბოლოს კი „რეალის“ თავკაცმა მოწინააღმდეგე გუნდი გააკრიტიკა. „ალავესის“ სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე განზრახ შეაგდეს მეორე ბურთი, თამაში რომ შეჩერებულიყოო.

მოურინიუ: „ფეხბურთის წესებში მკაფიოდ წერია, რომ თუ სკამიდან მოედანზე ბურთს შეაგდებენ, მსაჯმა მწვრთნელი უნდა გააძევოს. „ალავესმა“ დღეს ორჯერ შეაგდო ბურთი მოედანზე. ეს არის ერთადერთი რამ რის გამოც მე ამ საღამოს მათ ვაკრიტიკებ. ბურთის მოედანზე შეგდება საზიზღარი საქციელია. ასეთ რაღაცას ფეხბურთში აღარავინ კადრულობს“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.