Breaking News

ისლანდიაში კაპიტანსაც ელოდებიან…

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 11 და 14 ნოემბერს ორი მნიშვნელოვანი მატჩი ელის – სტუმრად ისლანდიაში და შინ იტალიასთან.

მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა ევრობასკეტის შემდეგ, ცხადია, ცვლილებები იქნება. ნაკრებს ვერ დაეხმარებიან NBA-ში მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე. როგორც წესი, შესარჩევებს ვერც ევროლიგელები თამაშობენ,

ამ ზაფხულს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ბოლონიის „ვირტუსთან“ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელსაც ესპანეთის ნაკრების თავკაცი სერჯიო სკარიოლო წვრთნის.

ნოემბრის სანაკრებო პაუზის წინ სკარიოლო საკმაოდ უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდა: 11 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთი იტალიას ეთამაშება. ამავე დღეს იყო დანიშნული ევროლიგის მატჩი „ვირტუსსა“ და „მილანს“ შორის და იყო იმის ალბათობა, მთავარი მწვრთნელი ნაკრების თამაშს ვერ დასწრებოდა. მოლაპარაკების შედეგად ევროლიგამ გამონაკლისი დაუშვა და მატჩი 11 ნოემბრის  ნაცვლად 9 ნოემბერ გაიმართება. ეს კი სკარიოლოსაც მისცემს შესაძლებლობას ნაკრებთან ერთად იყოს და შესაბამისად, კალათბურთელებიც კლუბიდან გათავისუფლდებიან და ნაკრები თამაშს შეძლებენ.

ჩვენთვის კი ეს ამბავი იმ მხრივ არის სასიხარულო, რომ ნაკრებში ჩამოსვლის შესაძლებლობა მიეცემა თორნიკე შენგელიას, რომელმაც 24 აგვისტოს მიღებული ტრავმა მოიშუშა და ვარაუდობენ, რომ მოედანზე 27 ოქტომბერს „რეალთან“ ევროლიგის მატჩისთვის დაბრუნდება.

ამ კარგ ამბავთან ერთად, არასასიამოვნო ინფორმაციაც უნდა მოგაწოდოთ – საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ კალათბურთელ თად მაკფადენს მყესები აქვს გაჭიმული და როდის დაუბრუნდება მოედანს ჯერ უცნობია, თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ 11-მდე მწყობრში ჩადგება და საქართველოს ნაკრებს ისლანდიასა და იტალიასთან ისიც დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ტურნირის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს 6 ტურის შემდეგ 3 მოგება აქვს და ერთი მოგებით სწორედ ისლანდიას ჩამორჩება, რომელიც მესამე ადგილზეა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფიდან სამი გუნდი გადის.

ირაკლი ნინიძე

ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...