ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” „ტორინოს” 3:1 მოუგო. ორი გოლი, 6 წუთიან მონაკვეთში, 26 წლის კამერუნელმა ნახევარმცველმა ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ გაიტანა, მესამე — კვარამ. გოლები გავიდა მე-6, მე-12 და 37-ე წუთებზე, რასაც ტურინელებმა 44-ე წუთზე ერთით უპასუხეს. მეორე ნახევარში თამაშის სურათი შეიცვალა. გოლი აღარ გასულა.
„ბედნიერი ვარ, ასეთ რთულ შეხვედრაში წარმატებას რომ მივაღწიეთ. არის თუ არა ეს ჩემი ორი გოლის დამსახურება? დუბლის შესრულება რასაკვირველია ფანტასტიკური და მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ძირითადად ჩემი ფუნქციის შესრულებაზე ვფიქრობდი. მთავარი კი ის არის, რომ „ნაპოლიმ” მოიგო.
ამ გოლებს ჩემს ოჯახს ვუძღვნი. ოჯახს, რომელსაც ყოველთვის სწამს ჩემი. სიხარული მათთვის გამოვხატე, მათთვის ვიზეიმე.
მიზნები? ჩვენ ყოველთვის ერთ კონკრეტულ შეხვედრაზე ვფიქრობთ და გვინდა რაც შეიძლება მეტი მოვიგოთ”, — თქვა მატჩის შემდეგ ანგისამ.
ტრადიციულად შეუვალი იყო სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელი, ცენტრალური მცველი კორეელი კიმ მინ-ჯაე. DAZN-თან მატჩისშემდგომ ინტერვიუში მან თქვა: „ბედნიერი ვარ ისეთ დიდ კლუბში რომ ვთამაშობ, როგორიც არის „ნაპოლი”. ის ოცნებათა კლუბია. თან, ჩვენ მწვრთნელად გვყავს ფანტასტიკური ადამიანი. დარწმუნებული ვარ, მისი წყალობით ძალიან დავოსტატდები. დავხვეწავ არა მარტო დაცვაში თამაშს”.
„აძურის” კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ კი ხაზი გაუსვა, რომ ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ საკლუბო საქმეებზე გადაწყობა და კარგად თამაში ყოველთვის ძნელია:
„ეროვნული გუნდიდან დაბრუნება იოლი არ არის. სანამ უმრავლესობა წასული იყო, მწვრთნელის განკარგულებაში ცოტანი იყვნენ დარჩენილნი, მაგრამ როდესაც ყველანი დავბრუნდით, პირველსავე ვარჯიშზე შევამჩნიე, რომ გუნდში სწორი განწყობა სუფევდა. დღეს ჩვენ შევხვდით ანგარიშგასაწევ მოწინააღმდეგეს, რომელიც პერსონალურ მეურვეობას ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ ჩვენი მხრივ დიდებულად ვითამაშეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. გოლების შემდეგ თითქოს ცოტათი დავმშვიდდით, მაგრამ ბოლოს ისევ მოვიკრიბეთ ძალა.
ნურავინ იფიქრებთ, რომ ჩვენ სამშაბათის თამაშისთვის (ჩემპიონთა ლიგაში, „აიაქსთან”) ენერგია დავზოგეთ. თამაშის ნირის ცვლილება შედეგმა განაპირობა. საბოლოოდ, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა.
რაც შეეხება „აიაქსთან” თამაშს, ის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამარჯვების შემთხვევაში სამი ტურის შემდეგ ჯგუფიდან გასვლას მივუახლოვდებით. მეორე მხრივ ვიცით, რომ ძალიან ძლიერი მეტოქე გველის და თან მისი გულშემატკივრის წინაშე მოგვიწევს თამაში. ერთი სიტყვით, შევეცდებით სწორად მოვემზადოთ და მოედანზე ის ფეხბურთი ვაჩვენოთ, რომელსაც მწვრთნელი ითხოვს”.
სპალეტიმ კი მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე თამაში ასე შეაფასა: „30-40 წუთის განმავლობაში ჩინებულად ვითამაშეთ, შემდეგ კი თამაშის სადავეები ხელიდან გავუშვით, რადგან მეტოქე მოგვაწვა, პერსონალური მეურვეობა ჩვენი ნახევრიდან დაგვიწყო და თამაში მათთვის სასურველ მონაკვეთში გადაიტანა. მეორე მხრივ, სამიდან ორი გოლი ამიტომაც გავიტანეთ. მეტოქემ ზურგი მოაშიშვლა, მაგრამ ასეთი მჭიდრო თამაშის დროს სწრაფი კონტრშეტევისთვის ფეხბურთელის გამოთავისუფლება ძალიან ძნელია”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
