„ვალენსიადან”, რომლის კარსაც გიორგი მამარდაშვილი იცავს, ბოლო პერიოდში ორი ფეხბურთელი წავიდა. ესენი არიან ჰოლანდიელი მეკარე ჯასპერ სილესენი და პორტუგალიელი თავდამსხმელი გონსალო გედეში, რომელიც ინგლისური „ვულვერჰემპტონის” მოთამაშე გახდა. ახლა დროა კლუბმა მწვრთნელის ჯენარო გატუზოს სურვილებსაც მიხედოს. რა ხანია იტალიელი ამბობს, რომ მას კარგი გუნდის ასაწყობად ორი ნახევარმცველი კიდევ სჭირდება.
დღეისათვის ნახევარმცველთაგან გატუზოს განკარგულებაში არიან უგო გილიამონი, კარლოს სოლერი და იუნუს მუსა. ბოლო ცნობების თანახმად მათ შეიძლება დაემატოს 20 წლის ბარსელონელი ნიკო გონსალესი ან უბრალოდ ნიკო, რომელმაც „ბლაუგრანას” შემადგენლობაში 27 შეხვედრა ჩაატარა.
თუკი ნიკო „ღამურა” გახდება, ის მცველების წინ, ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციას დაიკავებს. ამ ფუნქციის კაცი „მესტალიაზე” უკვე ორი წელიწადია არ ჰყოლიათ.
ვალენსიური პრესა წერს, რომ ნიკო მოკლე პასებით მოთამაშე გუნდისთვის ზედგამოჭრილია. მას მეტოქისთვის წართმეული ბურთის სუფთად გამოტანა ეხერხება, ეს კი სწორედ ისაა, რის დანერგვასაც გატუზო ცდილობს.
„ჩეებმა” ნიკოს თაობაზე „ბარსას” უკვე მიმართეს. მეზობლად (ვალენსია ბარსელონასთან უფრო ახლოსაა ვიდრე ფოთი თბილისთან) გადაბარგების წინააღმდეგი არც ფეხბურთელი ჩანს.
ნიკო „დეპორტივო ლა კორუნიას” ყოფილი ვარსკვლავის ფრანის შვილია. მისი აგენტია ცნობილი პორტუგალიელი საქმოსანი ჟორჟე მენდეში, უფრო ზუსტად კი ის მენდეშის კომპანიის „ჟესტიფუტეს” კლიენტია. თავის მხრივ მენდეში გატუზოს მეგობარი გახლავთ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დიდი შანსია ეს ტრანსფერი წარმატებით დასრულდეს.
ჯერჯერობით „ბარსა” წინადადებას სწავლობს. „ვალენსია” პასუხს ელოდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 09:04ლუიშ კამპუში ბუდაპეშტშივე მესამე ტრიუმფზე ფიქრობდა
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 07:31ყველაფერი კარგად იქნება! – გვარწმუნებს ფრანგული საიტი
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 09:56ფერან ტორესი: ოქროს ბურთს თუ ესპანელი მოიგებს უფრო გამიხარდება
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 07:45მოურინიუ: წარმოგიდგენიათ, ერთი კვირით ადრე ყველამ იცოდა, ვის უნდა ემსაჯა
