მართალი იყო მერაბ შარიქაძე, როცა მატჩისწინა ინტერვიუში თქვა, რომ რუმინეთს ბოლო წლებში საუკეთესო ნაკრები ჰყავსო. მართლაც კარგი გუნდი ჰყოლიათ, მაგრა ჩვენმა ბორჯღალოსნებმა მაინც აჯობეს და ანთიმოზ ივერიელის გარდამავალი თასი დაიტოვეს.
საქართველომ ბუქარესტის მშვენიერ სარაგბო სტადიონზე რუმინეთის მორაგბეთა ნაკრებს 26:23 აჯობა და „ევროპის რაგბის“ 2022 წლის ჩემპიონატის მსვლელობისას სატურნირო ცხრილს სათავეში პირველად ჩაუდგა. მართალია, სავარაუდოდ ქართველთა ლიდერობა მხოლოდ ერთ დღეს გასტანს და კვირას ესპანეთ-პორტუგალიის შეხვედრის მონაწილეთაგან ერთ-ერთი ან დაგვეწევა, ან გადაგვასწრებს, მაგრამ დღეს საქართველოა პირველი და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჩემპიონი 20 მარტს „დინამო არენაზე“ გამოვლინდება, სადაც ბორჯღალოსნები ესპანელ „ლომებს“ მიიღებენ.
ბუქარესტის „ტრიუმფალურ თაღზე“ კი ნამდვილი დრამა გათამაშდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი უელსელი რეფერი ბენ ბრექსპირი გახლდათ. ეს კაცი იმდენად სკრუპულოზურად მიჰვებოდა წესით მთავარი გმირების მოქმედებებს, რომ თამაში ალბათ გააფუჭა. რამდენჯერმე შეცდა კიდეც, მაგალითად, როცა უმნიშვნელოვანეს მომენტში გელა აფრასიძე მინდვრიდან მიაბრძანა.
სხვამხრივ კი იმდენად პედანტური იყო და თამაშს ისეთი უმნიშვნელო გადაცდომების გამო აჩერებდა, რომ კი არ ააჩქარა ტემპი, რასაც მისი გადაწყვეტილებები ფორმალურად ემსახურებოდა, არამედ პირიქით,ამუხრუჭებდა.
მოკლედ, ბრეკსპირმა ორივე გუნდი დააზარალა, ამდენად მასზე შედეგის გადაბარლება მთლად სამართლიანი არ იქნებოდა, თუმცკი სანახაობა უელსელმა ნამდვილად წაგვართვა.
მიუხედავად ამისა, ორივე გუნდის მიერ დადებულმა ლელოებმა რაგბის ნამდვილ მოყვარულებს სიამოვნება მიანიჭა. „მუხის ფოთლებზე“ ამის თქმა იმდენად შეიძლება, რამდენადაც მათ ორი საოცარი მოლი ააგორეს და ორივე ჯერზე კლასიკური ლელო დაგვიდეს.
მაგრამ თუ ესთეტიკაზე მიდგა საქმე, აქ ჩვენმა ბიჭებმა ნამდვილად გაიბრწყინეს. პირველი, ვასილ ლობჟანიძის ლელო იყო მისი გამჭრიახობისა და სისხარტის შედეგი, ანუ ეს იყო ვასკას განუმეორებელ სტილში გატანილი ლელო.
მეორე ლელო კი კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ დადო და ეს იყო მთელი მატჩის ალბათ ყველაზე ლამაზი ეპიზოდი. 10-წუთიანი სინბინიდან ახალდაბრუნებლმა აკა ტაბუცაძემ ბურთი შეტევის მარჯვენა ფლანგზე მიიღო, ცენტრისკენ შეიწია და უკან მობრუნებულმა ე.წ. ჯვარზე გადასცა ბუკას, კაპიტანს კი გაბითურებული რუმინული დაცვის გარღვევა არ გასჭირვებია.
მესამე ლელო ჭაბუკმა ნინიაშვილმა შექმნა, რომელიც ზორბა რუმინელებს უშიშრად ებრძოდა მთელი 80 წუთის განმავლობაში. 19 წლის დავითმა ბურთი მეტოქეს აართვა, მარცხენა ფლანგზე გაიქცა, თან რამდენიმე მეურვეც მიიზიდა და საჭირო მომენტში პარალელურად მორბენალ ვეტერან სანდრო თოდუას უპასა. ეს ლელოც საოცრად ეფექტურ, სამხრეთულ სტილში იყო შესრულებული.
ბოლოს რუმინელები მაგრად გვაწვებოდნენ და შეიძლება ითქვას, რომ უსიაოვნებებს ბეწვზე გადავურჩით. მაგრამ მთავარი გაკეთდა: საქართველოს ნაკრებმა არ დაუტოვა რუმინეთს ანთიმოზ ივერიელის გარდამავალი თასი და ორი წლის ჯამში პირველობა გაინაღდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წლის მსოფლიო თასზე ბორჯალოსნებს მეტოქეებად ეყოლებათ ავსტრალია, უელსი, ფიჯი და სამხრეთ ამერიკის პლეი-ოფის გამარჯვებული, ანუ პული თითქმის იდენტურია იმისა, რომელშიც ქათველები 2019 წელს იყვნენ.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
სიახლეები15/06/2026 | 19:05უნაყოფო ლელოები
სიახლეები14/06/2026 | 18:05ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!
სიახლეები08/06/2026 | 13:48ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა
სიახლეები07/06/2026 | 19:29ალანია – ჩემპიონი
