ინერვიულეს და მოიგეს

Home კატეგორიის გარეშე ინერვიულეს და მოიგეს
ინერვიულეს და მოიგეს

„კამპ ნოუზე“ „ბარსელონა“ „ატლეტიკოსთან“ 0:1-ს აგებდა, საბოლოოდ კი 4:2 მოიგო.

ანგარიში იანიკ კარასკომ მე-8 წუთზე გახსნა, მაგრამ ორ წუთში ჟორდი ალბამ საოცარი სილამაზის შეუჩერებელი დარტყმით გაქვითა.

21-ე წუთზე გავიმ ახალწვეული ადამა ტრაორეს ჩაწოდებულ ბურთს მადრიდელთა კარში თავით მიუჩინა ადგილი, 43-ზე კი ჟერარდ პიკეს თავური ძელმა აისხლიტა, მაგრამ ბურთი რონალდ არაუხომ იხელთა და ბადეში გაგზავნა.

პირველი ტაიმი დასრულდა კატალონიელთა გამარჯვებით, 3:1.

შესვენების შემდეგ დანი ალვეშმა მეოთხე შეაგდო. ეს მოხდა 49-ე წუთზე, 58-ზე კი ლუის სუარესმა თავის ყოფილ გუნდს გაუტანა და ანგარიში 4:2 გახდა.

69-ე წუთზე ალვეშმა კარასკოს ზურგსუკნიდან დააბიჯა და ის სამართლიანად დასაჯეს წითელი ბარათით. ბრაზილიელი ვეტერანის საქციელმა „ბარსა“ მთელი 20 წუთით დატოვა უმცირესობაში, რამაც მოედანზე სიტუაცია დაძაბა. მართალია მასპინძლები ორი გოლით იგებდნენ, მაგრამ მაინც აჰყვნენ ემოციებს. დროგამოშვებით მსაჯს „ბარსელონას“ მწვრთნელების გაძევება და გაფრთხილებაც (ჩავი) კი უწევდა.

საბოლოოდ, „ბარსელონამ” მოიგო და ცხრილში „ატლეტიკოს“ გადაასწრო. „ბლაუგრანა“ 22 თამაშიდან 38 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო „მატრასების მკერავები“ ამდენივე ტურის შემდეგ 36 ქულით მეხუთეზე არიან.

მატჩის დამთავრების შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე, „ატლეტიკოს“ თავკაცმა დიეგო სიმეონემ თქვა: „მეტოქის ძალა სწორად უნდა შეაფასო და შენი თამაშის ინტენსივობა თუ აგრესიულობა იმის მიხედვით ზარდო. დღეს ჩვენ რამდენიმე კარგი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ თამაშებს „მიმწოლი” გუნდები იგებენ.

მე შეხვედრებს მომენტების რაოდენობით ვაფასებ. „ბარსელონამ“ ოთხი სახიფათო მდგომარეობიდან სამი გოლი გაიტანა, ჩვენ კი ამდენივე მომენტიდან მხოლოდ ერთი გამოვიყენეთ. 1:0 რომ მოგვეგო, ყველა შეგვაქებდა. ფეხბურთში გამარჯვების სხვადასხვა გზა არსებობს. დღეს ჩვენი მეტოქის გზამ გაამართლა“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.