რასაკვირველია, ესპანეთს უფრი მაღალი კლასის სარაგბო ნაკრები ჰყავს, ვიდრე პორტუგალიას. ამიტომაც იყო, რომ ყველა ელოდა ბორჯღალოსნები მხრიდან დასკვნით 20 წუთში მომატებას და „ლომებისთვის“ კუთვნილი ადგილის მიჩენას, მაგრამ კინაღამ პირიქით მოხდა.
„რაგბი ევროპის“ მიმდინარე ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები მადრიდის „სენტრალ უნივერსიტარიოს“ გაზონზე მასპინძელთა ეროვნულ გუნდს ერკინებოდა და ფავორიტადაც მიიჩნეოდა მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი მოქმედ ჩემპიონს მასპინძლობდა და წინასამატჩო პროგნოზებიც უფრო ფრთხილი უნდა ყოფილიყო.
მაგრამ ჩვენში დამკვიდრებული აზრი, თითქოს ქართველები ამ დონეს დიდი ხანია გაცდნენ, ფსიქოლოგიურად აწვება მორაგბეებს და კონცენტრირებაშიც ხელს უშლის. თუმცა უფერულ თამაშს სხვა მიზეზებიც აქვს.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, პირველი ტაიმი 10:10 მორჩა, ხოლო მატჩი – 25:19 ქართველთა სასარგებლოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები 9 ქულით სატურნირო ცხრილს კვლავინდებურად სათავეში უდგას.
მაგრამ მაინც: ამდენი შეცდომა მართლაც საგანგაშოა. წარმოუდგენელია, რომ ისეთმა გამოცდილმა კვაჭებმა, როგორებიც მამუკაშვილი და ბრეგვაძე არიან, ვარჯიშებზე მილიონჯერ დამუშავებულ ბურთის დერეფანში შეგდებას თამაშისას ხეირიანად ვერ ახერხებდნენ. არ ვიცი, ეს რით აიხსნება, მაგრამ მათმა შეცდომებმა უამრავი კარგი შანსი გაგვიქარწყლა და ესპანელებს კი პირიქით, შესაძლებლობები შეუქმნა.
შევდომებს განა სხვები არ უშვებდნენ, მაგრამ შალვას და ჯაბას არაზუსტი მოქმედებები კინაღამ ძვირად დაგვიჯდა.
ბევრ ჩვენებურს კი კარგი მატჩი ჰქონდა, მათ შორის გაჩეჩილაძეს, აფრასიძეს და რაღა თქმა უნდა, კაპიტან შარიქაძეს. მერაბი დაცვაში შეუდარებელი იყო და შეტევაში ტაბუცაძის ლელოც, მთლიანად მისი დამსახურებაა.
20 მარტს კალინინგრადში საქართველოს ნაკრები მესამე ტურის მატჩში რუსეთს შეხვდება და იმედია, გამარჯვებას უკეთესი თამაშით მიაღწევს…

ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/06/2026 | 22:19ვიცე-ჩემპიონი ბაჩუკი
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 20:20სეზონი 37 ქართველით
სიახლეები15/06/2026 | 19:05უნაყოფო ლელოები
სიახლეები14/06/2026 | 18:05ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!
