დაირხა ხმა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” „რეალთან” საერთო ენა გამონახა და დაკლებულ ფასად დიდი ხნის ნანატრ ხამეს როდრიგესს ყიდულობს.
იყო დრო, როდესაც კოლუმბიელ ვარსკვლავს „რეალი” 100 მილიონ გირვანქად აფასებდა. დღეს ხამესი 28 წლისაა, „ბერნაბეუზე” მისი კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წელიწადიღა დარჩა და მადრიდელები შიშობენ, რომ მასში 50 მილიონსაც აღარავინ გადაიხდის.
ინგლისური პრესა ამბობს, რომ „იუნაიტედს” დიდი ხანია კოლუმბიელის შეძენა სურს, მან კი, სანამ ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნდებოდა, ორი წელიწადი იჯარით „ბაიერნში” გაატარა.
ამასობაში, კორონავირუსის პანდემიის გამო, „მანჩესტერ იუნაიტედს” ფული შემოელია და ოლე გუნარ სულშერი მის ხელთ არსებული შეკვეცილი სახსრების რაციონალურად გამოყენებას ცდილობს. ამასთან, მან იცის, რომ ზინედინ ზიდანს ხამესი ოქტომბრის შემდეგ მოედანზე არ შეუშვია და ის ოთხად ოთხი მატჩი, რომელშიც თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ითამაშა, სათასო იყო.
თავის მხრივ, ზიდანი კოლუმბიელის გაყიდვით იმ ფულის შოვნას ცდილობს, რომლითაც თავად წავა სატრანსფერო ბაზარზე.
გარდა ამისა, როდრიგესის ხელფასი ინგლისურ ვალუტაში რომ ვთქვათ, კვირაში დაახლოებით 250 000 გირვანქაა და „რეალს” ამხელა ხარჯისგან განთავისუფლებაც უნდა.
მოგეხსენებათ, სულშერს „დორტმუნდის” ინგლისელი ყმაწვილის ჯეიდონ სანჩოს ყიდვაც სურს, მაგრამ გერმანული კლუბი ძვირს ითხოვს და პენის დამკლები არ ჩანს.
ხამესის შეძენაზე კი „ევერტონიც” არ იტყოდა უარს. ლივერპულის კლუბს იტალიელი მწვრთნელისთვის, კარლო ანჩელოტისთვის სახელოვანი და სასარგებლო მოთამაშის ყიდვა უნდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
