ზაფხულსა თუ ზამთარში, გუნდურ ჩათვლაში, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების საუკეთესო შედეგი 2008 წლის პეკინის თამაშების 28-ე ადგილი გახლდათ. ცხადია, მინსკში ჩატარებული ტურნირი მასშტაბით მხოლოდ ევროპას მოიცავდა, თუმცა დაფიქსირებული შედეგი მაინც სასიხარულოა და საამაყოა.
ბელარუსის დედაქალაქში 50 ქვეყნის 4 000-ზე მეტი სპორტსმენი ჩავიდა. მაშინ, როდესაც მასპინძლებსა და ევროპის ბობოლა სახელმწიფოებს 200-ზე მეტი წარმომადგენელი ჰყავდათ, საქართველოს მოკრძალებულ დელეგაციას მინსკში 63 წევრი წარმოადგენდა.
სამბისტებისა და ძიუდოისტების წარმატებული გამოსვლის ხარჯზე, საქართველომ პირველსავე საშეჯიბრო დღეს 10 მედალი მოიპოვა და მესამე ადგილზე დადგა. ეს პოზიცია ჩვენებს არც პირველი კვირის შემდეგ დაუკარგავთ, თუმცა საჭიდაოს ამოწურვისა და გუნდურ სახეობებზე გადასვლის შემდეგ, ევროპის რამდენიმე წამყვანმა ქვეყანამ გადაგვისწრო.
საბოლოო ჯამში, საქართველოს დელეგაცია მინსკიდან 30 მედლით ხელდამშვენებული ჩამოვიდა, აქედან 6 ვერცხლის, 10 ბრინჯაოსა და 14 ვერცხლისა გახლდათ, რა შედეგითაც 50 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.
სათქმელია, რომ ბაქოს პირველი ევროპული თამაშების მაჩვენებელი თითქმის ორჯერ გაუმჯობესდა – აზერბაიჯანის დედაქალაქში ქართულმა დელეგაციამ ხელთ 16 მედალი იგდო. ჩვენების დაჯაბნა მხოლოდ ტრადიციულად ერთ-ერთმა ყველაზე წარმომადგენლობითმა რუსეთის ფედერაციამ, მასპინძელმა ბელარუსმა, უკრაინამ, იტალიამ, გერმანიამ და ჰოლანდიამ მოახერხეს. საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ისეთ ქვეყნებს აჯობა, როგორებიც საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და სხვანი არიან.
ქართველებმა მინსკში მედლების უმეტესი ნაწილი საჭიდაო სახეობებში აიღეს, თუმცა სამბისტების, ძიუდოისტების, თავისუფალი და კლასიკური სტილით მოჭიდავეების გარდა, მედლებით მოკრივეებმა, კარატისტებმა, ტყვიის მსროლელებმა და მოკრივეებმაც გაგვახარეს.
მედალოსანთა ჩამონათვალი კი ასეთია:
ოქრო: ლუხუმ ჩხვიმიანი, გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ბექა ბერძენიშვილი, ლევან ნახუცრიშვილი, დავით ლორიაშვილი, ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო).
ვერცხლი: ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, იაკობ ქაჯაია, შმაგი ბოლქვაძე, გივი მაჭარაშვილი (ჭიდაობა), ნინო ოძელაშვილი, ელენე ქებაძე, მინდია ლილუაშვილი (სამბო), ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა), სახილ ალახვერდოვი (კრივი).
ბრინჯაო: ავთანდილ კენჭაძე, დათო ჩხარტიშვილი, ელიზბარ ოდიკაძე (ჭიდაობა), ამირან პაპინაშვილი, ლუკა მაისურაძე, ბაგრატ ნინიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), გოგიტა არქანია (კარატე), ბესარიონ ბერულავა, გივი ნადარეიშვილი, პაატა ღვინიაშვილი, გენადი ჩირგაძე (სამბო), ოთარ ერანოსიანი (კრივი), ცოტნე მაჭავარიანი და ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა).
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
