პრემიერლიგა თუ ჩემპიონთა ლიგა?

Home კატეგორიის გარეშე პრემიერლიგა თუ ჩემპიონთა ლიგა?

„ლივერპულის” მწვრთნელი იურგენ კლოპი არ ეთანხმება კოლეგას, „მანჩესტერ სიტის” თავკაც პეპ გვარდიოლას, რომ პრემიერლიგის მოგება ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, გერმანელი მიიჩნევს, რომ 2018/19 წლების სეზონი მისმა გუნდმა გვარდიოლას გუნდზე უკეთესად ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული” შაბათს, 1 ივნისს, მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე” ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ტოტენჰემ ჰოთსპურს” ხვდება.

კლოპმა თქვა: „პრემიერლიგა გვარდიოლასთვის იმიტომ არის უფრო მნიშვნელოვანი, რომ კარგა ხანია ჩემპიონთა ლიგის ფინალში აღარ გასულა. ყველამ ვიცით, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია და ნებისმიერ ქებას იმსახურებს, მაგრამ ჩემთვის ჩემპიონთა ლიგას უფრო მეტი ფასი აქვს, რადგან „ლივერპულს” მისი მოგების შანსი აქვს. პრემიერლიგის ჩემპიონები კი ვერ გავხდით. „სიტი” „ლივერპულს” სჯობია, თუმცა ჩვენ მათზე უკეთესი სეზონი ჩავატარეთ”.

შემდეგ, კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი და „ბარსელონასთან” მოგებული 4:0 გაიხსენა. მან თქვა, რომ ასეთი ფეხბურთი მის გუნდებს არასდროს უთამაშიათ.

„ეს იყო საუკეთესო თამაში, რომელიც ჩემს გუნდებს ოდესმე უჩვენებიათ. 2:0 რომ მოგვეგო, მაინც ძალიან ვიამაყებდი. უკიდურესად მნიშვნელოვანია შაბათს მაშინდელი განწყობით გავიდეთ მოედანზე. ყველაზე კარგი იქნებოდა ფინალი „ბარსელონასთან” მოგებიდან ხუთ წუთში რომ დაწყებულიყო”.

და ბოლოს თავად შაბათის მატჩზე:

„სეზონის განმავლობაში ჩვენ „ტოტენჰემ ჰოთსპურს” მუდმივად ვჯობდით, მაგრამ ფინალი სხვაა. ფინალი ორივესთვის განსაკუთრებულია.

რაც შეეხება ტრავმებს, ჩვენ ვერ დაგვეხმარება ნაბი კეიტა, მაგრამ რობერტო ფირმინომ დღეს ივარჯიშა და ხვალაც ვავარჯიშებთ. დავაკვირდები. თუ კარგ ფორმაში იქნება, ვათამაშებ”.

 

 

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...