იაია ტურემ თქვა, რომ პეპ გვარდიოლას აფრიკელ ფეხბურთელებთან ურთიერთობის პრობლემა აქვს. ეს სერიოზული ბრალდებაა, რომელიც კოტ დ’ივუარის ნაკრების ვეტერანმა „ფრანს ფუტბოლისთვის” მიცემულ ინტერვიუში წამოაყენა.
„მინდა ვიყო პირველი ვინც დაამსხვრევს მითს გვარდიოლას შესახებ”, — თქვა 35 წლის ნახევარმცველმა, რომლის კონტრაქტს „მანჩესტერ სიტისთან” ვადა ამოეწურა და კატალონიელ მწვრთნელზე დამოკიდებული აღარ არის.
„სიტიმდე” ტურე გვარდიოლას ხელმძღვანელობით „ბარსელონაშიც” თამაშობდა. მან თქვა:
„ის ყოველთვის სასტიკად მექცეოდა. მარგამ, ხომ არ ფიქრობთ, რომ ანდრეს ინიესტას მიმართაც ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა? — თქვა ტურემ და დასძინა, — მოკლედ, მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს ჩემი კანის ფერის გამო ხდებოდა. და არ გეგონოთ, რომ მე ვარ ერთადერთი, ვინც ეს შეამჩნია. „ბარსელონაში” სხვებსაც ბევრჯერ უკითხავთ ერთმანეთისთვის ამის შესახებ”.
რასიზმისა რა მოგახსენოთ და როგორც მწვრთნელი გვარდიოლა ტურეს ალბათ მართლა არ წყალობდა, არადა კოტ დ’ივუარელზე უცხოურ პრესაში ყოველთვის წერდნენ რომ ეს ის ფეხბურთელია, რომელიც ან უბრალოდ კარგად თამაშობს ან სხვებზე უკეთესად მაინც.
„მუდამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ გვარდიოლას ჩემი კარგი თამაში არ სიამოვნებდა და მტრად მეკიდებოდა. ეს უკვე გარეგნობასთან არ უნდა იყოს კავშირში. ალბათ, შემადგენლობაში სხვისთვის უნდოდა ადგილი. რაც შეეხება „მანჩესტერ სიტის” ბოლო სეზონს, მან ყველა ღონე იხმარა, რომ ჩემთვის ის ჩაეშხამებინა. გვარდიოლამ „სიტიდან” ფაქტობრივად გამაგდო. მან გამაგდო კლუბიდან, რომელსაც დიდებული ფანები ჰყავს”.
გასულ სეზონში „მანჩესტერ სიტი” ინგლისის ჩემპიონი გახდა, იაია ტურემ კი მხოლოდ 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
