ლონდონური დერბი მოვლენებით გამოდგა დატვირთული — „ჩელსიმ” 2:0 მოუგო „ტოტენჰემს”, რომელსაც მეორე ტაიმში სონი გაუგდეს; ანტონიო რუდიგერს ტრიბუნიდან რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. ხულიგნებს რუდიგერმა თვითონ გამოაჯავრა მაიმუნის მოძრაობებით. ტრიბუნიდან ნასროლი ნივთები ცვიოდა „ჩელსის” მეკარე კეპა არისაბალაგას ახლომახლოს და, რასაკვირველია, საყურადღებო იყო ის, რომ ყოფილი შეგირდის, ფრენკ ლემპარდის გუნდმა ოსტატ ჟოზე მოურინიუს გუნდი დაამარცხა.
„ტოტენჰემ ჰოთსპურის” კარში ორივე გოლი პორტუგალიელი მწვრთნელის ხელში გამოვლილმა ბრაზილიელმა ვილიანმა გაიტანა.
რაც შეეხება სონის გაგდებას: ეს ამბავი 63-ე წუთზე მოხდა. აქ საგულისხმო ის იყო, რომ კორეელის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მსაჯმა კი არა, VAR-მა მიიღო. ვიდეორეფერის აზრით სონმა თითქოსდა ის დააშავა, რომ რუდიგერთან ორთაბრძოლის დროს, გადაყირავდა და ყირამალა მყოფმა ფეხები აიქნია, რამაც მეტოქისთვის ტლინკების მიყრის შთაბეჭდილება დატოვა. ზოგადად, კორეელი პატიოსანი კაცია და ვერდიქტი ძლიერ განიცადა — როგორც ჩანს მეტოქის ჩაწიხვლა თუ აწიხვლა გუნებაში არც ჰქონია — მაგრამ წითელი წითლად დარჩა.
თუმცა, ამ ეპიზოდს იქვე მოჰყვა მეორე, რომელმაც სონის გაგდება გადაფარა. რუდიგერმა იჩივლა, რომ „სფურზის” ფანი (ან ფანები) ტრიბუნიდან რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდნენ. გერმანელმა ეს თავის კაპიტანს სესარ ასპილიკუეტას უთხრა, მან კი მსაჯი ენტონი ტეილორი ჩააყენა საქმის კურსში.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ფანებმა კეპასაც დააყარეს ერთად ქოქოლა და ნივთები, რის გამოც ტეილორს მწვრთნელებთან მისვლა და გასაუბრება მოუხდა. სტადიონზე ორჯერ გამოაცხადეს, რომ რასიზმი დაუშვებელია.
ვილიანმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა. საგოლე პასი მატეო კოვაჩიჩმა მიაწოდა, თუმცა ამ ეპიზოდის მთავარი გმირი ბრაზილიელი იყო. ტაიმის ბოლო წამებზე კი „ტოტენჰემის” მეკარის მარკოს ალონსოსთან უბურთოდ შეჯახების გამო VAR-მა პენალტი დანიშნა.
საინტერესოა, რომ ენტონი ტეილორი თავიდან ალონსოს დაჯარიმებას აპირებდა, მაგრამ ვიდეორეფერიმ თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მოსთხოვა. როგორც მოგახსენეთ, პენალტიც ვილიანმა შეაგდო.