არგენტინა დაისაჯა

არგენტინა დაისაჯა

არგენტინელ ნახევარმცველ ლეანდრო პარადესს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, უფრო სწორედ საფინალო სასტვენის შემდეგ ჩხუბის გამო 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. შეგახსენებთ, რომ გადამწყვეტი შეხვედრა არგენტინელებმა ესპანელებთან წააგეს 0:1 და არგენტინელთა ქცევა სავარაუდოდ ამ წაგების სიმწარემ განაპირობა.

ფიფას სადისციპლინო კომისიამ 7-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა პარადესის თანაგუნდელი ნაუელ მოლინა, რომელიც გამარჯვებით გახარებულ როდრის დაესხა თავს.

ამ ორ ფეხბურთელს დაეკისრა 90 000 დოლარის გადახდა ჯარიმის სახით.

ფიფას თავდაპირველი განჩინებით არგენტინის ნაკრებს მომდევნო ორი საშინაო თამაში ხალხით სანახევროდ სავსე ტრიბუნების წინაშე უნდა ეთამაშა, მაგრამ სასჯელი შეუმსუბუქეს და ორი თამაში ერთამდე შეუმცირეს.

არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია 321 000 დოლარით დაჯარიმდა. მიზეზი: პოლიტიკური ბანერი, რომელიც ფეხბურთელებმა ინგლისის ნაკრებთან (2:1) შეხვედრის დამთავრების შემდეგ მოედანზე გაშალეს. ბანერი ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულებს ეხებოდა. ეს კუნძულები დიდი ბრიტანეთის საკუთრებაა, რასაც არგენტინელები ვერ ეგუებიან, ფიფას ეგიდით გამართულ შეხვედრებზე კი პოლიტიკური აქციის მოწყობა არ შეიძლება.

ფიფას გადაწყვეტილებით ამ თანხიდან 100 000 დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კამპანიაში დაიხარჯება, 100 000 კი გამოსაცდელი დროით გაიყინება.

ზემოთ ნახსენები პარადესი ყელში სწვდა ესპანელ ერიკ გარსიას და დაბლა დააგდო გავი, რომელსაც შემდეგ სახეშიც დაარტყა. მოგვიანებით გავიმ თქვა, რომ პარადესის დასჯის მომხრე არ არის, თუმცა ჩხუბში მონაწილეობისათვის თვითონაც დაისაჯა – ერთ შეხვედრას გამოტოვებს და 30 000 დოლარით დაჯარიმდება. ასევე დაისაჯა არგენტინელი ტიაგო ალმადა.

სამთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა არგენტინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრ რობერტო აიალას. დანი ოლმოსთვის სახეში გარტყმის გამო ის 30 000 დოლარსაც გადაიხდის.

დისკვალიფიკაცია მხოლოდ სანაკრებო თამაშებს ეხება.

არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია აპელაციის შეტანას აპირებს. თუ აპელაცია მისთვის სასურველ შედეგს ვერ მოიტანს, ის სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.