ქოჩორამ დღეს ბილბაოში შეიძლება ითამაშოს

ქოჩორამ დღეს ბილბაოში შეიძლება ითამაშოს

დღეს, საქართველოს დროით საღამოს 7 საათზე გიორგი ქოჩორაშვილის ახალი გუნდი „სევილია“ ბილბაოში თამაშობს. ესპანური გაზეთი „მარკა“ იტყობინება, რომ ქართველი ბასკეთშია და შესაძლოა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.

„სევილიას“ არ ეყოლება 24 წლის ცენტრალური მცველი კიკე სალასი, რომელმაც წინა შეხვედრაში „რაიო ვალეკანოსთან“ წითელი ბარათი მიიღო. შეხვედრაში არც 28 წლის შვეიცარიელი ვინგერი რუბენ ვარგასი მიიღებს მიიღებს მონაწილეობას – ის ინდივიდუალური პროგრამით ტრენაჟორებთან მუშაობს და პარასკევს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია – თუმცა ვარგასის არყოფნის მიზეზი ტრავმა ან დისკვალიფიკაცია არ არის. როგორც სევილიელთა მწვრთნელმა გარსია პლასამ თქვა, შვეიცარიელი სხვა კლუბში გადადის და ამიტომ დარჩა შინ.

„წარმოიდგინეთ, მან ჩვენთან ერთად რომ იმოგზაუროს, ითამაშოს, გარისკოს, დაშავდეს და ისედაც ფინანსური პრობლემების წინაშე მდგომმა კლუბმა ტრანსფერი დაკარგოს. კლუბს ფული დააკლდება, მე კი ფეხბურთელი“, – თქვა გარსია პლასამ.

ქოჩორაშვილთან დაკავშირებით კი მადრიდელმა მწვრთნელმა ასე განაცხადა: „მიხარია კიდევ ერთი ფეხბურთელი რომ შემოგვემატა, მითუფრო ჩვენთვის მნიშვნელოვან პოზიციაზე. ის ბილბაოში წამოგვყვება. მე მას რამდენჯერმე ველაპარაკე. გიორგი ბილბაოში სათადარიგოთა სკამზე იჯდება და წესით მოედანზე არ უნდა შევიდეს, მაგრამ შეიძლება დაგვჭირდეს კიდეც, რადგან რობი ურმა გასულ კვირაში მხოლოდ ერთხელ ივარჯიშა და ერთი ტაიმი ითამაშა“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.