ლუის ენრიკე კიდევ გაძლიერებაზე ფიქრობს

ლუის ენრიკე კიდევ გაძლიერებაზე ფიქრობს

„პარი სენ ჟერმენის“ შემადგენლობაზე აუგის სათქმელად ენა არავის მოუბრუნდება, მაგრამ ლუის ენრიკემ „რენთან“ მატჩის წინა დღეს არ დამალა, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერების წინააღმდეგი სულაც არ არის.

„ახალი მოთამაშეების შესაძენად ბოლო დღემდე მზად ვართ. უკვე რამდენიმე მიმზიდველ ვარიანტს შევასხით ხორცი, რითაც საკუთარ თავს შესაძლებლობები გავუზარდეთ. ჩვენი ამოცანა ხომ მორიგი გამარჯვებებია. იმით, რასაც სატრანსფერო ბაზარზე აქამდე მივაღწიეთ კმაყოფილი ვარ“, – თქვა ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენციაზე.

მწვრთნელის ნათქვამმა ნათლად აჩვენა, რომ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებული კვლავ დიდ მიზნებს ისახავს, თუმცა ესპანელ სპეციალისტს არც ის დაუმალავს, რომ ფეხბურთელების სიჭარბემ შესაძლოა ზოგიერთი მოთამაშე სკამზე დატოვოს.

„ზოგი ფეხბურთელი ამა თუ იმ შეხვედრის განაცხადს მიღმა დარჩება, რაც ცხადია სამართლიანი არ არის, მაგრამ მათ ამასთან შეგუება მოუწევთ. ჩვენ ვცდილობთ ბევრი ვარიანტი გვქონდეს“, – თქვა ესპანეთის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა.

ფრანგული პრესა წერს, რომ პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად კონკურენცია მწვავე იქნება. მთელი ზაფხულის განმავლობაში ლაპარაკობდნენ, რომ ბრედლი ბარკოლა და იბრაჰიმ მბაიე შესაძლოა სხვა კლუბებში გადავიდნენ, მაგრამ სატრანსფერო სეზონი დასასრულს უახლოვდება და ისინი ჯერ კიდევ პსჟ-ში არიან. გუშინ, შაბათს ორივემ გუნდთან ერთად ჩვეულებრივად ივარჯიშა. მათი დარჩენის შემთხვევაში კონკურენცია მართლა განსაკუთრებულ დაძაბულობას მიაღწევს.

ლუის ენრიკეს მიკა გოდტსის შესახებ ჰკითხეს.

„ჩვენთან გადმოსვლა ბევრ ფეხბურთელს უნდა, მაგრამ ძალიან ძნელია მათგან ისეთის არჩევა, რომელიც გუნდს რეალურად გააძლიერებს. მიკა გოდტსი უმაღლესი დონის თავდამსხმელია. ის ინდივიდუალურად ძლიერია. მას ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში და მენტალურად სწორ პოზიციაზეა.“, – უპასუხა ესპანელმა, რომელმაც კიდევ ერთ კითხვას მაგნეს აკლიუშის შესახებ ასე უპასუხა:

„აკლიუში, როგორც ფიზიკურად ასევე მენტალურად ძლიერი ფეხბურთელია. ის გუნდს გააძლიერებს“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.