დაიწერა დამოუკიდებელი ქართული სპორტის კიდევ ერთი ახალი ისტორია. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მეხუთე ქართველი გავიდა პარკეტზე. მერე რა რომ სადებიუტო მატჩში თავის გუნდს დიდად ვერ შეეწია, ამას სამწუხარო, მაგრამ ობიექტური ახსნაც აქვს. საქართველოს ნაკრების 20 წლის ცენტრს, მოედანზე შესვლიდან 4 წუთში მუხლი ასტკივდა და მწვრთნელმაც აღარ გარისკა, თორემ, დიდი ალბათობით, მეტოქის კალათში ბურთის ჩაგდებას  ერთის გარდა კიდევ მოახერხებდა.

სეზონის პირველი ოფიციალური მატჩის გამოტოვების შემდეგ, ნბა-ში გოგა ბითაძის დებიუტი კლივლენდთან საგარეო დაპირისპირებაში შედგა და მისმა ინდიანამ დაძაბულ-დრამატულ შეხვედრაში ოდენ ერთი ქულით – 99:100 წააგო.

ბითაძე პარკეტზე პირველი მეოხედის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გამოვიდა და მალევე ქულათა ამერიკული მონაგარიც გახსნა. ქართველმა ცენტრმა ტი ჯეი ლიფისგან კარგი პასი მიიღო და ფარქვეშ მარტო დარჩენილმა ორქულიანი ჩააგდო. პარკეტზე ყოფნის 4 წუთის განმავლობაში ბითაძემ ერთი მოხსნაც მიითვალა. პირველი და მეორე მეოთხედების მიჯნაზე, ქართველმა ლეგიონერმა ჯამში 04:26 წუთი ითამაშა.

გაჩნდა ინფორმაცია, რომ პირველადი შეფასებით, გოგას ტრავმა სერიოზული არ იყო და ის, შესვენებაზე თითქოს ჩვეულებრივად ვარჯიშობდა, თუმცა, „პეისერსის“ თავკაც ნეიტ მაკმილანს ჩვენებური, მეორე ნახევარში სათადარიგოთა სკამიდან აღარ წამოუყენებია.

 

 

 

 

 

 

წილი
წინა სტატიასათადარიგოობა კი არ აწყობს
შემდეგი სტატიაპინგ-პონგი და ქურციკები
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...