ლინდას ამბავი

ლინდას ამბავი

21 წლის ჩეხი ლინდა ნოსკოვა „უიმბლდონის“ გამარჯვებულია. მსოფლიო რეიტინგის მე-12 ჩოგანმა ფინალში 2:1 (6:2, 5:7, 6:3) თანამემამულე კაროლინა მუხოვა დაამარცხა. „უიმბლდონის“ ისტორიაში პირველად მოხდა, რომ სატიტულო მატჩში ერთმანეთს ერთი ქვეყნის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

შეხვედრამდე ფავორიტად მუხოვა ითვლებოდა, რეიტინგშიც ის სამი საფეხურით მაღლა იდგა, მაგრამ ნოსკოვამ პირველ სეტში ყველაფერი თავდაყირა დააყენა და იოლად მოიგო. ერთი შეხედვით მარტივად იგებდა ნოსკოვა მეორე სეტს და შესაბამისად მატჩსაც, ის გამარჯვებასთან სამჯერ იყო ერთ მოწოდებაში, მაგრამ სამივე მატჩ-პოინტი გაანიავა და თამაში მესამე სეტში გადავიდა. აი, მერე კი შეძლო ნოსკოვამ ხელახლა მობილიზება, რაც ასეთი დონის შეხვედრებისას ერთობ რთული ამბავია, მან გადამწყტვეტ სეტში თავიდანვე მოიპოვა ბრეიკით უპირატესობა და ეს პატარა სენსაციაც გამოაცხო. 

ლინდა ნოსკოვამ, ცხადია, უიმბლდონი პირველად მოიგო და ტიტულამდე გზად უკრაინელი მართა კოსტიუკი, ბელგიელი ელის მერტენსი, ამერიკელი მედისონ კიზი, ვეტერანი რუმინელი სამანტა კირსტეა,  კოლუმბიელი კამილა ოსორიო და გერმანელი ელა სეიდერი დაამარცხა.

შეგახსენებთ, კვირას, ვაჟთა ფინალში ერთმანეთს გერმანელი ალექსანდრ ზვერევი და იტალიელი იანიკ სინერი დაუპირისპირდებიან.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...