ფოტომ, რომელზეც ტრავმირებული და აცრემლებული ტიბო კურტუა მოედანს ტოვებს, რამდენიმე საათში მთელი მსოფლიო მოიარა. ბელგიისა და ესპანეთის მეოთხედფინალურ შეხვედრაში „რეალის“ მეკარემ ბარძაყში დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც მწვრთნელმა რუდი გარსიამ ის შეცვალა. ეს მოხდა მატჩის 71-ე წუთზე, როდესაც ანგარიში იყო 1:1. შეხვედრა დამთავრდა ესპანელების გამარჯვებით 2:1. ბელგიელებმა მეორე გოლი 88-ე წუთზე შეცვლაზე შესული „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარის სენე ლამენსის შეცდომის გამო გაუშვეს…
მატჩის შემდეგ კურტუამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას თამაშის გაგრძელება უნდოდა.
გთავაზობთ ბელგიელი მეკარის მატჩისშემდგომ კომენტარებს:
…სამწუხაროა, როდესაც თავს კარგად გრძნობ, მაგრამ მაინც გიწევს მოედნის დატოვება. იმას, თუ ვინ როდის უნდა შეიცვალოს მწვრთნელი წყვეტს. მე მინდოდა ცოტა ხანს კიდევ დავრჩენილიყავი მოედანზე და მენახა შევძლებდი თუ არა თამაშის გაგრძელებას თუკი ფეხით ბურთის ძლიერად დარტყმას მოვერიდებოდი. მესმის, რომ ჩვენი ტაქტიკა შორეულ პასებზე იყო აწყობილი. უკნიდან გრძელი პასები უნდა გვეკეთებინა და იქ, წინ დავარდნილი ბურთი მოგვეგო. მეკარისთვის კი წარამარა ძლიერად დარტყმა ძნელია. მოკლედ, ჩემი შეცვლა მწვრთნელმა გადაწყვიტა. რას იზამ, პრობლემა არ არის.

…დღეს ძლიერ მოწინააღმდეგესთან კარგად ვითამაშეთ. მათ ბურთის ფლობით და შორიდან მაღალი ჩაწოდებებით სცადეს ჩვენი გატეხვა, მაგრამ თავს კარგად ვიცავდით. პრესინგიც ვცადეთ. მოწინააღმდეგეს გრძელი პასებით პრობლემებს ვუქმნიდით. მეორე ტაიმში ესპანელებმა შეტევა გააძლიერეს, მაგრამ ჩვენ დაცვაში მაინც კარგად ვიდექით. სამწუხაროა, ასეთ დროს ტრავმის გამო მოედნის დატოვება რომ დამჭირდა.
…ერთნაირი გოლები გავუშვით? პირველ ეპიზოდში დანი ოლმომ სწრაფად დამირტყა. ეს დარტყმა კარგად მოვიგერიე, მაგრამ ახლოდან დამატებულს ვერაფერს მოვუხერხებდი. რას იზამ, ასეთია ფეხბურთი.
…ტრავმა? არ მგონია, რამე სერიოზული მჭირდეს. ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ სერიოზული არაფერია. რაც მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო ბურთს ძალიან ბევრჯერ დავარტყი ფეხი მთელი ძალით და რაღაც მომენტში ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო. ვნახოთ ექოსკოპია რას გვაჩვენებს. რამდენიმე დღის მერე მადრიდში მივალ ექიმთან. იმედი მაქვს, რომ სერიოზული არაფერია და მალე ახალ სეზონს დავიწყებ“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები11/07/2026 | 09:05კურტუა: მე გასვლა არ მინდოდა
მთავარი ამბავი11/07/2026 | 07:54მთავარი ესპანელი
აქეთურ-იქითური10/07/2026 | 10:53დეშამი: ასეთი ფეხბურთელებით მე ვერაფერს გავაფუჭებდი
მთავარი ამბავი10/07/2026 | 09:38პარიზიენი: მათი გამჩერებელი არავინაა
