მთავარი ესპანელი

მთავარი ესპანელი

გადამწყვეტი სიტყვის მთქმელი ფეხბურთელი ყველა გუნდს სჭირდება. ესპანეთში ეს როლი მიკელ მერინომ იკისრა. „არსენალის“ ნახევარმცველი აგერ უკვე მეორე თამაშია, რაც შეცვლაზე შედის და გამარჯვების გოლი გააქვს. მეოთხედფინალში ესპანელებმა ბელგია დაამარცხეს 2:1. გამარჯვების გოლი მერინომ 88-ე წუთზე გაიტანა.

„ლა როხა“ ისტორიაში მეორედ გავიდა ნახევარფინალში. წინა ჯერზე ეს მოხდა 2010 წელს, როდესაც იბერიელები ჩემპიონები გახდნენ. ახლა მერინომ და მისმა გუნდმა იმავე შედეგის გასამეორებლად ჯერ, ნახევარფინალში საფრანგეთს უნდა მოუგონ. ეს არის შეხვედრა, რომელსაც ჟურნალისტები სავარაუდოდ კილიან მბაპესა და ლამინ იამალის დაპირისპირებად შერაცხავენ, თუმც იამალს მიმდინარე მუნდიალზე ჯერ თავი არ გამოუჩენია.

აი, ასეთ ვითარებაში მერინომ თავი სუპერსათადაროგოდ წარმოაჩინა. ბევრი იტყვის, რომ ფეხბურთელი, რომელსაც მნიშვნელოვან შეხვედრებში გოლები გააქვს, სასტარტო შემადგენლობაში უნდა თამაშობდეს. არსენალელის შემთხვევაში ვითარება სხვანაირად არის: ორიოდ თვის წინ მას არც კი ჰქონდა გარანტია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წაიყვანდნენ. საქმე ის გახლავთ, რომ ნახევარმცველმა იანვარში უცნაური და სერიოზული ტრავმა მიიღო. ტერფის ასეთ უჩვეულო ადგილზე მოტეხვამ ტრავმატოლოგებიც კი გააკვირვა. მირენოს საბედნიეროდ უნდა ითქვას, რომ მან დროულად მოახერხა გამოჯანმრთელება და ლუის დე ლა ფუენტემ მუნდიალზე წაიყვანა, სადაც ფეხბურთელმა გადამწყვეტი გოლი მერვედფინალში პორტუგალიას, ხოლო მეოთხედფინალში ბელგიას გაუტანა.

ბელგიელებთან მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე დე ლა ფუენტემ თქვა: „მიკელი საუცხოო ფეხბურთელია. მას ბევრი ძლიერი მხარე აქვს. ის დედამიწის ზურგზე ნებისმიერ გუნდში კარგად ითამაშებდა. ჩვენთვის მერინო უნივერსალიზმის ნიმუშია. მისი გუნდში ყოლა დიდი სიამოვნებაა. სხვებისაც, მაგრამ განსაკუთრებით მისი. კარგია, როდესაც იცი, რომ გყავს ფეხბურთელი, რომელიც არასდროს გიმტყუნებს“.

მაგრამ იმისათვის, რომ გუნდს არასდროს უმტყუნო, გუნდში უნდა იყო. ამის შესახებ მერინოს პორტუგალიასთან შეხვედრის შემდეგ ჰკითხეს. მან უპასუხა:

„ორი თვის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატში მივიღებდი მონაწილეობას, ახლა კი კარიერის საუკეთესო დღეები მიდგას. დღეს ცუდი პერიოდი უკვე მოგონებაა და მახსენდება ყველა ის ადამიანი, ვინც მხარში მედგა“.

30 წლის ფეხბურთელი გადამწყვეტ მომენტებში „არსენალსაც“ დახმარებია. მერინო ნახევარმცველია, რომელსაც სიმაღლის გამო მიკელ არტეტა ხშირად თავდამსხმელად იყენებს. ლონდონელ ფანებს კარგად ახსოვთ შარშან თებერვალში, „ლესტერის“ კარში გატანილი ორი გოლი, როდესაც მერინო ტრადიციულად სათადარიგო სკამიდან ჩაერთო შეხვედრაში.

ინგლისელი ვეტერანი უეინ რუნი: „მერინო იმ ფეხბურთელთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც დიდ შეხვედრებში საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდებიან ხოლმე“.

ლე და ფუენტე: „მას შეუძლია იყოს საუკეთესო თავდამსხმელი და აგრეთვე შეუძლია იყო საუკეთესო ნახევარმცველი. მერინო თავდადებული კაცია, ის ჩინებული პარტნიორია და მოედანზე საქმეს სიამოვნებით აკეთებს“.

ესპანეთის და ბელგიის შეხვედრაში ანგარიში 30-ე წუთზე ფაბიან რუისმა გახსნა, 41-ეზე შარლ დე კეტელარემ გაათანაბრა, მატჩის მიწურულს კი, როგორც მოგახსენეთ, გამარჯვების გოლი მერინომ გაიტანა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.