ეგვიპტელები ვერ მშვიდდებიან

ეგვიპტელები ვერ მშვიდდებიან

ეგვიპტელები ვერ ცხრებიან. „ფარაონები“ მსოფლიოს ჩემპიონატიდან არგენტინის ნაკრებმა გამოთიშა – 3:2. 79 წუთის განმავლობაში ანგარიში იყო 2:0 აფრიკული გუნდის სასარგებლოდ, შემდეგ კი მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა სამი გოლი შეაგდო. ეგვიპტელებს ფრანგ მსაჯთან ფრანსუა ლეტექსიესთან ორი პრეტენზია ჰქონდათ: 58-ე წუთზე VAR-ის ჩარევის შედეგად მან არგენტინის კარში გოლი არ ჩათვალა (მიზეზი: ეგვიპტემ კომბინაციის დასაწყისში ბურთი წესების დარღვევით მოიპოვა) და არგენტინელთა ბოლო გოლის წინ საჯარიმოში წააქციეს მო სალაჰი რის გამოც ენცო ფერნანდესის გოლი უნდა გაუქმებულიყო და ეგვიპტელთა სასარგებლოდ პენალტი დანიშნულიყო.

შინ დაბრუნების შემდეგ „ფარაონების“ მწვრთნელ ჰოსამ ჰასანს ინტერვიუ სთხოვა ადგილობრივმა Kora Plus-მა. ამ ინტერვიუში ჰასანმა თქვა:

„მესი უკიდურეს პროვოკაციებს მიმართავდა. არ ვიცი რატომ მოვიდა ჩვენს სათადარიგოთა სკამთან და რატომ დაგვიდგა წინ, როდესაც ჩვენ მსაჯთან რაღაცას ვაპროტესტებდით. საერთოდ, არგენტინელი ფეხბურთელები მოედანზე მშვიდად გამოვდნენ, რადგან მსაჯების სიმპათიით სარგებლობდნენ. აშკარა იყო, რომ მათ ჩვენი სამწვრთნელო შტაბისა და ფეხბურთელების პროვოკაციაზე წამოგება უნდოდათ. ყურადღება მიაქციეთ: ჩვენს სათადარიგოთა სკამთან არგენტინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრებიც კი მოვიდნენ. გასაგებია რატომაც. მათ ჩვენგან საპასუხო რეაქციის გამოწვევა უნდოდათ.  სამწუხაროდ, არის რაღაც, რაც ჩვენზე ვერ იქნებოდა დამოკიდებული. მსაჯმა თამაში გააფუჭა. მოწინააღმდეგემ არეულობა მოაწყო. ყოველ წუთს შეხლა-შემოხლას იწვევდნენ. არბიტრი ყვითელ ბარათს ატრიალებდა. ყოველ ფეხის ნაბიჯზე მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილებას ვხედავდით“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.