მესი არასდროს შეხვედრია ინგლისს

მესი არასდროს შეხვედრია ინგლისს

არის რამე ისეთი, რაც ლეო მესის მოედანზე არ გაუკეთებია? ალბათ ძალიან ცოტა რაღაც. მაგალითად, ინგლისის ნაკრებთან არ უთამაშია. მას არგენტინის ეროვნულ გუნდში 200-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული და 125 გოლი გატანილი, მაგრამ ფეხბურთის სამშობლოსთან არ გადაკვეთილა. მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში შვეიცარიასთან დამატებით დროში 3:1 გამარჯვების შემდეგ „ალბისელესტე“ ნახევარფინალში გავიდა, სადაც სწორედ ინგლისელებს დაუპირისპირდება და ეს იქნება 39 წლის ვარსკვლავის გაცნობა „სამ ლომთან“.

„ინგლისს არგენტინის დამარცხება შეუძლია, მაგრამ მათ პატარა გენიოსი, მესი გყავთ. ისინი ყველანი მისთვის თამაშობენ. მისი პერსონალურად აყვანა შეუძლებელია, რადგან ის უკან არ ჩადის. მესი შედის პატარა სივრცეებში, სადაც მისი ადგილი ერთი შეხედვით არ უნდა იყოს. ის საქმეში საჭირო მომენტებში ერთვება და აქვს ბრწყინვალე ტექნიკა. მას აქვს ფანტასტიკური სივრცითი აზროვნება და საუცხოო დარტყმა, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას აქვს ის, რაც მაგალითად ინგლისის ნაკრებში ჯუდ ბელინგემს გამოარჩევს: აურა. მესის მსგავსი აურა არც ერთ ფეხბურთელს არ აქვს. მესის აურა რაღაც სხვა დონე და ძალიან საინტერესო ფენომენია “, – თქვა ვეტერანმა ფეხბურთელმა, პოპულარულმა ინგლისელმა მიმომხილველმა მაიკა რიჩარდსმა.

BBC ნახევარფინალისადმი მიძღვნილ სტატიაში კითხულობს: რამდენად უნდა ეშინოდეს ინგლისის ნაკრებს ლეო მესის?

ვეტერანი ფეხბურთელი კრის სატონი: „ვფიქრობ თომას ტუხელსა და ინგლისის ნაკრებს უნდა მოსწონდეს დღევანდელ არგენტინის ნაკრებთან თამაშის პერსპექტივა, რადგან დღევანდელი არგენტინა არგენტინის ნაკრების საუკეთესო ვარიანტი არ არის. მეორე მხრივ ამ გუნდს მდგომარეობიდან გამოსვლის თვისება აქვს“.

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი უეინ რუნი: „დაცვის თვალსაზრისით მესი არგენტინის ნაკრების სუსტი მხარეა. ის უკან არ ჩადის, მაგრამ წინ დიდი მომენტები და თამაშის ხარისხი აქვს. ამ მხრივ მას ცოტათი ჯუდ ბელინგემი ჰგავს. მესის მთავარი თვისება საკვანძო მომენტებში გადაწყვეტილების მიღებაა. ის მნიშვნელოვან ეპიზოდებში ცოცხლდება და სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. მის განეიტრალებას კონცენტრაცია და თანაგუნდელებთან კომუნიკაცია სჭირდება. თანაგუნდელებს უნდა უთხრა, რომ დაიკავონ ისეთი პოზიციები, რომლებსაც შეიძლება ჩვეულებრივ არ იკავებენ“.

ინგლისს და არგენტინას ძველი ქიშპობა აქვთ. გაიხსენეთ დიეგო მარადონას „ღმერთის ხელი“ 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ან დევიდ ბექჰემის წითელი ბარათი 12 წლის შემდეგ სენტ ეტიენში, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს გუნდები ერთმანეთს 21 წელიწადია არ შეხვედრიან.

მესი არგენტინის ნაკრებში პირველად 2005 წლის აგვისტოში, უნგრეთთან შეხვედრაში გამოიძახეს. მანამდე მან მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატში გამოიჩინა თავი. ამის შემდეგ „ალბისელესტე“ და სამი ლომი ჟენევაში, ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მაგრამ მესი იმ დღეს დისკვალიფიცირებული იყო. მან ბუდაპეშტში, უნგრეთთან ხსენებულ შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო – მეტოქეს ხელი მოუქნია, რისთვისაც გერმანელმა არბიტრმა მარკუს მერკმა 30 წამის შესული მოედნიდან გააძევა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.