ტუხელი: მენტალიტეტი შეგიძლიათ ბოთლებში ჩამოასხათ და გაყიდოთ, მაგრამ…

ტუხელი: მენტალიტეტი შეგიძლიათ ბოთლებში ჩამოასხათ და გაყიდოთ, მაგრამ…

ინგლისმა ნორვეგიას 2:1 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც არგენტინას შეხვდება. ინგლისელთა ორი გოლის ავტორმა ჯუდ ბელინგმმა კი მატჩის შემდეგ ჟურნალისტებისგან გაიგო, რომ მწვრთნელს თომას ტუხელს თავისი გუნდის თამაში არ მოსწონებია. ITV-ს ჟურნალისტთან გაბრიელ კლარკთან ლაპარაკისას „რეალის“ ვარსკვლავმა ჯერ გაოცებული გამომეტყველება მიიღო, შემდეგ კი თქვა: „კეთილი, როგორც არის“.

საფინალო სასტვენის შემდეგ, სანამ ინგლისელი ფეხბურთელები მოედანზე ზეიმობდნენ, ტუხელმა ხსენებულ ტელეკომპანიას ასეთი სიტყვები უთხრა: „თამაშის ხარისხით უკმაყოფილო ვარ. დღეს საქმე ძალიან გავირთულეთ. შედეგი ფანტასტიკური იყო, ნახევარფინალში გავედით, მაგრამ თამაში არ ვარგოდა. თავდადებას ვერავის დავუწუნებ, ოღონდ ასეთი ფეხბურთით საკუთარ თავს ვუქმნით პრობლემებს. დაუდევრები ვიყავით, ბევრი ტექნიკური შეცდომა დავუშვით, სისწრაფე და დაჟინება გვაკლდა. მოკლედ, ამჯერად გაგვიმართლა“.

ინგლისელთა გერმანელ მწვრთნელს ჰკითხეს, ხომ არ იმოქმედა მის ფეხბურთელებზე შეხვედრის ფსიქოლოგიურმა ტვირთმა.

„მენტალიტეტის პრობლემა არ გვაქვს. ჩვენს გუნდს მენტალიტეტი ნამდვილად არ დაეწუნება. ანდა, ახლა, ამ გამარჯვების შემდეგ მენტალიტეტის ეჭვქვეშ დაყენება როგორ შეიძლება? ის ჭარბადაა. შეგიძლია ბოთლებში ჩამოასხა და გაყიდო“, – უპასუხა გერმანელმა, რომლის შემდეგ ITV-ს კამერებთან ბელინგემი მივიდა.

„იქ, მოედანზე ძნელი იყო. ჩვენ მძიმე ტვირთი ვზიდეთ“, – თქვა 23 წლის შემტევმა ნახევარმცველმა, შემდეგ კი თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.