1 ივლისს, ლონდონში, „უიმბლდონი“ იწყება. ტურნირის ფავორიტი ცხადია, მოქმედი ჩემპიონი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, თუმც სადაც როჯერ ფედერერი თამაშობს, დამეთანხმებით, იქ პროგნოზებიც ცოტა მოზომილი უნდა იყოს.
რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, აშკარაა, რომ ქართველი მეჩოგნე არასახარბიელო ფორმაშია. ის „როლან გაროსს“ სტარტზევე გამოეთიშა, მანამდე და შემდგომ ტურნირებზეც ბასილაშვილი უგერგილოდ ირჯებოდა, იქმნებოდა შთაბეჭდილება თითქოს კორტზე ნაძალადევად იდგა და თამაში არ სურდა. მიუხედავად ამისა, ის რეიტინგში დაწინაურებას მაინც ახერხებდა და ამჟამად მსოფლიოს მე-16 ჩოგანია.
„უიმბლდონზე“ კი ჩვენიანი მე-18 ნომრად არის განთესილი, ხოლო მისი პირველი მეტოქე ჯეიმზ ვარდი იქნება. ბრიტანელი ჩოგბურთელი თავის საქმეში ისეთივე წარმატებული ვერ არის, როგორც მისი მოგვარე ინგლისელი ფეხბურთელი. ის კარიერაში მოგებული ინდივიდუალური ტიტულით თავს ვერ იწონებს და ვეჭვობთ 32 წლის ვარდმა, რომლის სპორტული კარიერის საუკეთესო ხანაც უკვე წარსულს ჩაბარდა, ამის გაკეთება აწი მოახერხოს.
ჯეიმზ ვარდი რეიტინგის 205-ე ჩოგანია, ხოლო კლასიფიკაციაში საუკეთესო მაჩვენებელი (89) 2015 წელს დააფიქსირა. ვარდის კოლექციაში ATP-ის ტიტული არ მოიძებნება, მაგრამ „დევისის თასის“ გამარჯვებული კი გახლავთ. 2015 წელს, დიდი ბრიტანეთის ნაკრები ენდი მარის ლიდერობით ჩოგბურთში, სანაკრებო დონეზე ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჩემპიონი გახდა.
დიდი სლემებზე, ჯეიმზ ვარდის საუკეთესო მაჩვენებელი 2015 წელს, სწორედ „უიმბლდონის“ მესამე წრეში გასვლაა. „უიმბლდონზე“, მესამე ეტაპის იქით ჯერჯერობით ვერც ბასილაშვილი წასულა, თუმცა მეიჯორებზე ჩვენებურის საუკეთესო შედეგი, 2018 წელს, ამერიკის ღია პირველობის მეოთხე წრეში გასვლაა, სადაც რაფაელ ნადალს სეტიც კი წაართვა.