გერმანული „შპორტ ბილდი” ის გამოცემაა, რომელმაც საფეხბურთო სამყარის კულუარებისა თითქმის ყველაფერი იცის. საუბარია არა მხოლოდ ბუნდესლიგაზე, არამედ მსოფლიოზე. და აი, რას წერს „შპორტ ბილდი” „რეალში” ზინედინ ზიდანის დანიშვნის შესახებ. უფრო სწორედ იმაზე, რატომ არ დანიშნა ფლორენტინო პერესმა მწვრთნელად ჟოზე მოურინიუ, რომელიც თითქოსდა უპირველესი კანდიდატი იყო.

„პერესს მადრიდში მოურინიუს დაბრუნება უნდოდა. საქვეყნოდ არის ცნობილი, რომ მას მოურინიუ ძალიან მოსწონს. 2010-13 წლებში, როდესაც პორტუგალიელი „რეალის” მწვრთნელი იყო, პრეზიდენტი მას ყველგან და ყველაფერში იცავდა. მიმდინარე სეზონში, როდესაც „ლოს ბლანკოსმა” ყველა შეჯიბრებაში დაკარგა გამარჯვების შანსი, პერესმა ჩათვალა, რომ საუკეთესო გამოსავალი მკაცრი ხელის მიყვანა იქნებოდა და, რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა არჩევანი მოურინიუზე შეაჩერა.

მაგრამ, პერესი იმავდროულად რთულ მდგომარეობაშიც აღმოჩნდა. მას სიტუაციის მოსამზადებლად დრო არ ჰქონდა. „რეალის” ბანაკიდან გამოსული ხმების მიხედვით კი ორმა გავლენიანმა ფეხბურთელმა კატეგორიულად გამოაცხადა, რომ პორტუგალიელის დაბრუნება პრობლემებს არათუ შეამცირებდა, არამედ პირიქით, გაზრდიდა და გაამძაფრებდა. ეს ფეხბურთელები სერხიო რამოსი და ქარიმ ბენზემა ყოფილან.

და ეს გასაკვირი არც არის, რადგან 2013 წელს მოურინიუმ მადრიდი რამდენიმე ვარსკვლავთან კონფლიქტის გამო დატოვა, რომელთა შორის რამოსი და იკერ კასილასიც იყვნენ”.